
"საქართველოს ფასილიტაციითა და აშშ–ის ჩართულობით სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების ფაქტი კავკასიაში შეერთებული შტატების დაბრუნებაზე მიუთითებს"
25/06/2021 11:00:21 კავკასია, პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი, ევრაზიის ქვეყნების დამოუკიდებელი მკვლევარი პოლ გობლი აცხადებს, რომ საქართველოს ფასილიტაციითა და აშშ–ის ჩართულობით სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების ფაქტი, კავკასიაში შეერთებული შტატების დაბრუნებაზე მიუთითებს.
ამის შესახებ გობლმა "აქცენტს" განუცხადა.
"აზერბაიჯანმა სომხეთს სამხედრო ტყვეები გადასცა და ეს ნამდვილად პოზიტიური მოვლენა იყო, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ აშშ კვლავ იმუშავებს საქართველოსთან ერთად, რათა დაბრუნდეს კავკასიის რეგიონში. თუ ეს (აშშ–ის კავკასიის რეგიონში დაბრუნება) პროცესი წარმატებით გაგრძელდა, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებას", – განაცხადა გობლმა.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის 12 ივნისს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და საქართველოს ტერიტორიის გავლით ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ".
მისი ცნობით, ასევე შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.
ამავე თემაზე: „კავკასიაში 100 წლის განმავლობაში პირველად, ვითარება არსებითად იცვლება“ – ძალთა გადანაცვლება რეგიონში