
კრემლის მორიგ პროპაგანდისტულ გზავნილს ჟენევაში ამჯერად ლავროვის მოადგილე აჟღერებს
30/06/2021 16:17:47 პოლიტიკა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ქართველი ჟურნალისტები ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის საკითხზე საუბრისას ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან გადაამისამართა.
„ზაზა გახელაძის საკითხიც განიხილებოდა, როგორც ფორმალური შეხვედრების, ისე ორმხრივი კონტაქტებისას. გახელაძის დაკავების საკითხი არ შედის რუსეთის ფედერაციის კომპეტენციაში, ეს სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კომპეტენციაა, ამიტომ ჩვენ ქართულ მხარესა და სამხრეთ ოსეთის მხარეს მოვუწოდებდით, ეპოვათ ამ საკითხის გადაჭრის გზა“, – განუცხადა რუდენკომ ჟურნალისტებს.
რუდენკო ირწმუნება, რომ რუსეთი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე ეფექტურ კონტროლს არ ახორციელებს:
„ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და ეს საკითხები მათთან უნდა გადაწყვიტოთ“.
რუსმა სახელმწიფო მოხელემ თქვა ისიც, რომ რუსეთის ფედერაცია არ ცნობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც დაადასტურა, რომ სწორედ კრემლია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში – ცხინვალში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი:
„მე არ ვიცი, რაზე მელაპარაკებით, როდესაც ტერმინ ოკუპირებულ ტერიტორიებს იყენებთ. ჩვენ ასეთ ტერმინებს არ ვიყენებთ და ამიტომ არ ვიცი, რას გულისხმობთ, ცხინვალი არავის მიერ არ არის ოკუპირებული, არც აფხაზეთი. ჩვენ მათთან მხოლოდ ხელშეკრულებები გვაქვს, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სამართლის პრაქტიკას, სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე ვუწევთ მათ დახმარებას, მათ შორის სამხედროსაც“.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს სწორედ რომ ოკუპანტებმა დაჭრეს და დააკავეს “საზღვრის” დარღვევისთვის. მოგვიანებით მას ბრალი ჯარისკაცის მკვლელობის მცდელობაშიც დასდეს და 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. ის ამ დრომდე ტყვეობაში რჩება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე ეფექტურ კონტროლს სწორედ რუსეთი ახორციელებს და აღნიშნული ცხინვალის ნაწილში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა „საქართველო–რუსეთის წინააღმდეგ“ სახელმწიფოთაშორის სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილებით.