Accentnews.ge
"ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს"– რა შედეგით დასრულდა 8–საათიანი შეხვედრა ჟენევაში

"ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს"– რა შედეგით დასრულდა 8–საათიანი შეხვედრა ჟენევაში

30/06/2021 18:12:50 კონფლიქტები

ჟენევაში 8 საათიანი მოლაპარაკებები დასრულებულია. 53-ე რაუნდზე ქართულმა მხარემ ზაზა გახელაძის, ირაკლი ბებუასა და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხი კიდევ ერთხელ დააყენა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ფრთხილი ოპტიმიზმით აღნიშნა ამგვარი საფუძვლის გაჩენის საკითხი:

"საკმაოდ რთული მოლაპარაკებათა პროცესი იყო, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე, დაკავებების თემაზე. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს, განსაკუთრებით კი, დღევანდელი დღის შემდეგ. ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება ჰუმანიტარული საკითხების გამიჯვნა პოლიტიკურისგან და სუფთა ჰუმანიტარულ ჭრილში გარკვეული პროგრესის მიღწევა,"- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალიამ.

თავის მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხებზე ქართული მხარე ოსურს უნდა ელაპარაკოს, რუსეთი კი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე არ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს მიუხედავად იმისა, რომ აღნისნულს სტრასბურგის გადაწყვეტილებაც ადასტურებს.

„როდესაც ჟენევის ფარგლებში ვაყენებთ ყველა განგრძობადი დარღვევის საკითხს, უკვე სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ მითითებას ვაკეთებთ სწორედ ევროპული სასამართლოს ავტორიტეტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც მითითებულია, რომ ყველა დარღვევაზე პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთის ფედერაციას ეკისრება. რუსეთის ფედერაციას ჰქონდა მცდელობა, თავიდან აერიდებინა პასუხისმგებლობა და ეთქვა, თითქოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მათი პასუხისმგებლობა არ არის, თითქოსი ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან. თუმცა, ვინაიდან გვაქვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არის ძალიან მყარი არგუმენტი, რათა მათ ეს ნარატივი ვეღარ განავითარონ. როდესაც ქართულმა მხარემ პირდაპირ მიუთითა ამ გადაწყვეტილებაზე, რუსეთს აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, ეთქვა, რომ ისინი უბრალოდ ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და არ აღიარებენ. დღეს ძალიან მკვეთრი დემონსტრაციაა იმისა, როგორ უყურებენ ისინი საერთაშორისო ვალდებულებებს, თუმცა ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება აუცილებლად აღსრულდება, უნდა თუ არა ეს რუსეთის ფედერაციას“, – ამგვარად უპასუხა რუსი ჩინოვნიკის პოზიციას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა ჟურნალისტებთან.

მოგვიანებით რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც კვლავ საუბარია ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ერთად ხელმოწერის აუცილებლობის საკითხი.

ინფორმაციისთვის: ამგვარ დოკუმენტზე საქართველოს რუსეთთან ხელი მოწერლი აქვს, თუმცა ხსენებული დოკუმენტით აღებულ ვალდებულებას რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს.

„მოცემული დოკუმენტის აქტუალობა იზრდება საქართველოს ტერიტორიისა და შავი ზღვის აუზის სამხედრო „ათვისებისკენ“ მიმართული აშშ-ისა და ნატო-ს კონკრეტული ქმედებების ფონზე, რაზეც ნათლად მეტყველებს ბრიუსელში ცოტა ხნის წინ გამართული ალიანსის მორიგი სამიტის შედეგები, ასევე შავ ზღვაში ამჟამად მიმდინარე ნატო-ს სამხედრო-საზღვაო სწავლება „სი ბრიზი.

ჟენევის დისკუსიების მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხერეთოსურ საზღვრისპირეთში ზოგადი ვითარება სტაბილური რჩება. მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში გამოდიან ადგილზე უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართული ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობიდან. საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის სწრაფი დაწყება მათი შემდგომი დემარკაციით ამ მნიშვნელოვან მიმართულებაზე თანამშრომლობას რეალურად წაწევდა წინ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

რუსეთი კონფრონტაციულ და კონტრპროდუქტიულს უწოდებს თბილისის პოზიციას, დევნილების დაბრუნების საკითხზე, რომლის შესახებაც არსებობს გაერო–ს რეზოლუციები:

„აღნიშნული პრობლემის განხილვა ჟენევის ფორმატში კვლავ შეუძლებელი გახდა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მონაწილეები ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის მიმდინარე წლის ოქტომბერში გამართვაზე შეთანხმდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S