დასავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილის პოზიცია საქართველოს NATO-ში გაწევრიანების თაობაზე

07-07-2021 14:44:48 საგარეო პოლიტიკა

როგორც ცნობილია, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიწვევასთან დაკავშირებით კონსენსუსს ვერც 14 ივნისს ბრიუსელში გამართულ სამიტზე მიაღწიეს. და ეს - მიუხედავად 2008 წლის ცნობილი გამოცდილებისა და იმისა, რომ მას შემდეგ და დღემდე რუსეთის პოლიტიკა როგორც სამეზობლოს, ისე მთლიანად ცივილიზებული სამყაროს მიმართ სულ უფრო აგრესიული ხდება.

„აქცენტი“ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების თაობაზე დასავლეთ ევროპის ქვეყნების პოზიციით დაინტერესდა და საქართველოში გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებს შემდეგი კითხვით მიმართა: „გვაინტერესებს უშუალოდ თქვენი ქვეყნის პოზიცია საქართველოს მიწვევასთან დაკავშირებით: წინააღმდეგი ხართ თუ არა ამის და რა მიზეზით?“.

გთავაზობთ, დიპლომატიური უწყებებიდან შესაბამის კითხვაზე მიღებულ პასუხებს:

გერმანია

„ბრიუსელში 14 ივნისს გამართული NATO–ს სამიტი მნიშვნელოვანი იყო ყველა წევრი ქვეყნისა და ასევე საქართველოსთვის, რადგან მან გააძლიერა ალიანსის ერთიანობა. უნდა დავაზუსტოთ: NATO -ს წევრობაზე გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ იყო. ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები ყველა წევრი ქვეყნისათვის ძალაში რჩება. ამ მიზნის განხორციელებას ვუახლოვდებით მრავალმხრივი თანამშრომლობით „NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ფარგლებში“, – განუცხადა „აქცენტს“ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰურბერტ ქნირშმა.

მისივე ცნობით, გერმანია „არსებითი პაკეტის“ 16 ინიციატივიდან სამს ხელმძღვანელობს. ესენია:

  • "თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის" ჩამოყალიბება;
  • საქართველოს დახმარება სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარებაში;
  • საქართველოს დახმარება საინჟინრო (კონტრმობილურობის) შესაძლებლობების განვითარებაში;

საფრანგეთი

„NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო. ეს იყო მკაფიო შეხსენება იმისა, თუ რა არის NATO და რას აკეთებს იგი. სამიტის დროს მიღებულ მრავალ მნიშვნელოვან განცხადებასა და გადაწყვეტილებას შორის, სწორია, რომ NATO-საქართველოს ამბიციური პარტნიორობა მტკიცედ დადასტურდა. ახლა მთავარია, ამ ამბიციური პარტნიორობის ფარგლებში არსებული მრავალი ასპექტის განხორციელება. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს და NATO-ს; ამასთან, უფრო დააახლოებს ევროპასა და საქართველოს ერთმანეთთან“, - განუცხადა "აქცენტს" საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.

ნიდერლანდების სამეფო

"ჩვენ ძალიან ვაფასებთ NATO–სა და საქართველოს (როგორც „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორს") შორის მჭიდრო თანამშრომლობას. ამასთან, ძალიან ვაფასებთ საქართველოს მიერ ალიანსის მისიებში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც NATO–ს სამიტის კომუნიკეშიც ხაზგასმითაა აღნიშნული. საქართველო NATO–ს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ წვლილი შეგვაქვს "NATO–საქართველოს არსებითი პაკეტის" (SNGP) განახლებაში. მაგალითად, ფინანსური დახმარება გავუწიეთ "თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას". ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს რეფორმის პროცესის მხარდაჭერას სხვა სფეროებშიც", – განუცხადა "აქცენტს" საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა მაიკე ვან კოლდამმა.

იტალია

"2021 წლის 14 ივნისს ბრიუსელში NATO–ს სამიტში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებასთან ერთად, რომელიც გაწევრიანების პროცესის განუყოფელი ნაწილია; ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ნებისმიერი პარტნიორი შეფასდება საკუთარი დამსახურების მიხედვით. ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უფლებას, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი, რომელიც გარე ჩარევისგან თავისუფალი იქნება.

მოკავშირეები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს მუდმივად უწევენ დახმარებას. საქართველოს NATO–სთან ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური და მნიშვნელოვანი პარტნიორობა აქვს. როგორც ”გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი” (EOP), თბილისი ხშირად აწარმოებს პოლიტიკურ დიალოგს ალიანსთან "NATO-საქართველოს კომისიის" ფარგლებში, ასევე ამბიციურ პრაქტიკულ თანამშრომლობას – სხვადასხვა ინსტრუმენტების საშუალებით. ამ თანამშრომლობის ფარგლებში იტალია მნიშვნელოვან როლს ასრულებს – გასწია პოლიტიკური და ფინანსური დახმარება "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის" საშუალებით, რომლიც, ითვალისწინებდა "თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა" და "წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის" (JTEC) შექმნაში კონტრიბუციის შეტანას. ამჟამად შემუშავების პროცესშია დამატებითი ინიციატივები, მათ შორისაა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სამხედრო პოლიციის ბატალიონის წვრთნებს. აღნიშნულს იტალიელი კარაბინერები "NATO–ს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ნდობის ფონდის" დაფინანსებით განახორციელებენ", – განუცხადა "აქცენტს" საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ.

გაერთიანებული სამეფო

"გაერთიანებული სამეფო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას განაგრძობს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში რეფორმების დღის წესრიგს, რომელიც მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ, ეკონომიკის ზრდისკენ, თავდაცვის და უსაფრთხოების მექანიზმების გაუმჯობესებისა და გარე საფრთხეების მიმართ მედეგობის უფრო მეტად გაძლიერებისკენ. წლებია, ჩვენ საქართველოს პოზიციას მტკიცედ ვუჭერთ მხარს ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებზე, როგორებიც არის გაერო და ეუთო. 14 ივნისს ბრიუსელში გამართულ სამიტზე, NATO-მ კიდევ ერთხელ აშკარად გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და გაიმეორა 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს სამიტის კომუნიკეში ასახულ ვალდებულებებს. NATO -მ ასევე მკაფიოდ აღნიშნა, რომ რეფორმების მიმართულებით პროგრესის გაგრძელება უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოს წევრობის გზაზე. გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობის ფართო პაკეტი, რომელიც მოიცავს საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას, წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ჩვენი მხარდაჭერის განუყოფელ ნაწილს", – განუცხადა "აქცენტს" საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა.

რა წერია NATO​–ს სამიტის კომუნიკეში საქართველოს თაობაზე

NATO–ს ლიდერების მიერ 14 ივნისს მიღებულ ერთობლივ კომუნიკეში აღნიშნულია, რომ ალიანსის ლიდერები ბუქარესტის სამიტის ერთგულნი რჩებიან.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებასთან ერთად, რომელიც გაწევრიანების პროცესის განუყოფელი ნაწილია; ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ნებისმიერი პარტნიორი შეფასდება საკუთარი დამსახურების მიხედვით. ალიანსი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უფლებას, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკის კურსი, რომელიც გარე ჩარევისგან თავისუფალი იქნება. როგორც "გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი", საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ალიანსთან ბევრი მიმართულებით. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მიერ NATO–ს ოპერაციებში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს, რაც აჩვენებს მის ერთგულებას ხელი შეუწყოს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას. მივესალმებით 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას და მხარს ვუჭერთ მის სრულფასოვნად განხორციელებას. ეს შეთანხმება გზას უხსნის მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც დაეხმარება საქართველოს – ასპირანტ ქვეყანას, გაწევრიანების პროცესში მომზადებაში. ჩვენ მზად ვართ, NATO-საქართველოს კომისია და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა სრულად გამოვიყენოთ პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. ალიანსი მიესალმება რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს, ეს ეხმარება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და NATO–სთან თავსებადობაში. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მომზადებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე, რუსეთის მზარდი დესტაბილიზაციის აქტივობების საპასუხოდ და მივესალმებით "NATO-საქართველოს პაკეტის" განახლების ფაქტს. ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ საქართველოს მხარდაჭერა, მათ შორის, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგობის გაწევის კუთხით, ტრენინგებისა და წვრთნების მიმართულებით. მოუთმენლად ველით, ნატო-საქართველოს მორიგ სწავლებას 2022 წელს", – ნათქვამია კომუნიკეში.

ამასთან, დოკუმენტში გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობისადმი:

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ძალები, რომლებიც დისლოცირებული ჰყავს სამივე ქვეყანაში მათი ნებართვის გარეშე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და ძალისმიერი მცდელობა, დააშოროს ეს რეგიონები დანარჩენ საქართველოს, რასაც რუსეთი აგრძელებს ხელოვნური ბარიერების აღმართვის გზით. ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები და უკანონო დაკავებები. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისადმი“, – ნათქვამია NATO-ს კომუნიკეში.

იხილეთ ასევე: ამერიკელი გენერალი : "კრემლის ქმედებების საპასუხოდ შავი ზღვის რეგიონში NATO–საქართველოს თანამშრომლობა არაადეკვატურია"

ბენ ჰოჯესი: "ვიდრე გერმანიისა და საფრანგეთის დარწმუნებას შევძლებთ, რომ საქართველო NATO–ში უნდა იყოს, ვფიქრობ, შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს და მტკიცედ დაუჭიროს მხარი ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და უკრაინასთან"

ახალი ამბები

სხვა სიახლეები