
"კანონიერმა ქურდმა" საქართველოში დეპორტაციის თავიდან ასარიდებლად პასპორტი შეჭამა
13/07/2021 11:10:04 სამართალი
უკრაინის პოლიციის თანამშრომლებმა ვერ გამოადეპორტეს "კანონიერი ქურდი" ავთანდილ კობეშავიძე (მეტსახელად "ავთო კოპალა") იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა საკუთარი პასპორტი შეჭამა, იუწყება Dетектив-Info.
კობეშავიძე პირველი ჩასვეს თვითმფრინავში, რომელსაც ბორისპოლი-ბათუმის რეისი უნდა შეესრულებინა, თუმცა ბორტზე ასვლიდან მალევე მან პასპორტი შეჭამა და სანამ სამართალდამცველები წყვეტდნენ, როგორ მოქვეულიყვნენ, დანარჩენ მგზავრებს თვითმფრინავში არ უშვებდნენ. მათ აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში მიზეზების განმარტების გარეშე 24 საათი ალოდინეს.
რაც შეეხება "ავტო კოპალას", მისი დეპორტაცია ჩაიშალა. მესაზღვრეები უპასპორტოდ მას ვეღარც უკრაინაში უშვებენ, ვერც საქართველოში.
მიმდინარე წლის 8 ივლისს უკრაინულმა სასამართლომ კობეშავიძეს შინა პატიმრობა მიუსაჯა, ვინაიდან დაკავებულს "კანონიერი ქურდის" სტატუსის ქონა ვერ დაუმტკიცდა. მედიის ინფორმაციით, "ავტორიტეტმა" იზოლატორი უკრაინული სპეცამსახურებისთვის ქრთამის სახით 300 ათასი დოლარის გადახდის წყალობით დატოვა, რომელიც მათ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებმა გადასცეს.
რუსეთში "დანაშაულებრივ იერარქიაში უმაღლესი მდგომარეობის დაკავების" მუხლით ძებნილი "ავთო კოპალა" 2020 წლის გაზაფხულზე ოდესაში დააკავეს.
1955 წელს საქართველოში დაბადებულ კობეშავიძეს სულ 7 ნასამართლევობა აქვს ძარცვისთვის, მილიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, თაღლითობისა და ყაჩაღობისთვის. თავისი ბოლო - 12-წლიანი საპატიმრო ვადა მან კურგანის ოლქში მოიხადა.
კობეშავიძე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ "კრიმინალურ ავტორიტეტად" ითვლება. საპატიმრო მან 2016 წელს დატოვა.