რუსეთი ბიჭვინთის მთელს აღმოსავლეთ ნაწილს 1 რუბლად ისაკუთრებს

13-07-2021 16:21:58 კონფლიქტები

მეგობრობის, მშვიდობისა და თანხმობის შესახებ რუსი და აფხაზი ჩინოსნების განცხადებების მიუხედავად, სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთის ფედერაციასთან აფხაზეთის ურთიერთობები დღითიდღე უარესდება. ასეთ დასკვნამდე მივყავართ, მათ შორის, მთელი რიგი აფხაზური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლების ბოლო დღეების საჯარო განცხადებებს, რომლებშიც რუსეთის ქმედებები საჯაროდ პირველად შეფასდა «აფხაზური მიწების ხელში ჩაგდებად».

პირველებმა საკუთარი აზრი საზოგადო მოღვაწეებმა დააფიქსირეს. მათ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ღია წერილით მიმართეს, რომელშიც სთხოვენ, შეირჩეს საკუთრების ოპტიმალური ფორმა რუსეთის ფედერაციის დაცვის ფედერალური სამსახურისთვის «ბიჭვინთის» სახელმწიფო აგარაკის გადასაცემად.

«განსაკუთრებით ფასეულ აფხაზურ მიწებზე მდებარე ობიექტების გასხვისების საკითხი საზოგადოებაში ყოველთვის მწვავე რეაქციას იწვევს. თუ [რუსეთის ფედერაციის დაცვის ფედერალურ სამსახურთან — რედ.] შეთანხმება შემოთავაზებული გადაწყვეტილების ყოველმხრივი წინასწარი ანალიზისა და დასაბუთების გარეშე იქნება მიღებული, ამას შესაძლოა, არასასურველი შედეგები მოჰყვეს, შიდა პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის ჩათვლით», – ნათქვამია რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ მიმართვაში, რომელსაც იმ მომენტისთვის 29 საზოგადო მოღვაწე აწერდა ხელს.

რუსეთის დაცვის ფედერალურ სამსახურთან დაპირისპირების ისტორია რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ რუსული უწყების წარმომადგენლები ჯერ კიდევ წლების წინ განთავსდნენ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზე, რომელსაც, ზოგიერთი ინფორმაციით, უკვე დღეს შეუძლია, საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტის სტატუსზე იქონიოს პრეტენზია. პირველებმა ხმა აღიმაღლეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა, რომლებიც ერთბაშად გაწერეს კუთვნილი სახლებიდან და მიმდებარე ტერიტორია მაღალი მავთულხლართით შემოუღობეს.

მოგვიანებით მავთულხლართს საკონტროლო-გამშვები პუნქტის მშენებლობა მოჰყვა, ხოლო შემდეგ — გადაადგილების განსაკუთრებული რეჟიმიც, რომლის «წყალობით» ამ ტერიტორიაზე ვერც ერთი ადგილობრივი ვეღარ დგამს ფეხს.

«ჩვენ არა მარტო ჩაწერა გაგვიუქმეს, არამედ საკუთარ სახლებში შესვლა-გასვლის უფლებაც ჩამოგვართვეს. მეზობელი გარდაგვეცვალა ისე, რომ სასწრაფოს მოსვლამდე ვერ მიატანა. როგორც შემდეგ გაირკვა, შემოღობილ ტერიტორიაზე მედიკოსები რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრომელბმა არ შემოუშვეს», - გვიამბო ჩვენმა რესპონდენტმა, ადგილობრივმა ლიუდმილამ. მისივე თქმით, თავის დროზე მოსახლეობამ სასამართლოსაც მიმართა, თუმცა სახელმწიფომ მათ დახმარებაზე უარი თქვა — თავი მოიკატუნა, თითქოს პრობლემა არ არსებობდეს.

ვითარება მკვეთრად შეიცვალა, როცა ბიჭვინთაში, სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რუსეთისთვის გადაცემის საკითხმა პარლამენტამდე მიაღწია. წარმოდგენილი დოკუმენტის თანახმად, რუსეთის დაცვის ფედერალურ სამსახურს 1 რუბლად გადაეცემა 184 ჰა საერთო ფართობის მიწის ნაკვეთები და ზღვის მიმდებარე აკვატორია. ამასთან, ახალი შეთანხმებისამებრ, რუსეთს საკუთრების უფლება ექნება ყველა იმ შენობა-ნაგებობაზეც, რომელიც ამ ტერიტორიაზე სამომავლოდ აშენდება. ანუ, ბიჭვინთის მთელი აღმოსავლეთ ნაწილი რუსეთის საკუთრებაში გადადის.

«ამ შეთანხმებაზე მეტი აბსურდი ცხოვრებაში არ მინახავს! არადა, იურისპრუდენციაში ბევრ სხვაზე უკეთ ვერკვევი… იჯარა და საკუთრება ისე გადაურიეს რუსმა იურისტებმა ერთმანეთში, ეშმაკიც ვეღარ გაერკვევა, რას გულისხმობდნენ ამ დოკუმენტის შედგენისას. წარმოიდგინეთ, რა დამოკიდებულება აქვთ რუსებს აფხაზეთისადმი, რომ მსგავსი რამ საერთოდ მოუვიდათ თავში!», - აღშფოთებულია ჩვენი თანამოსაუბრე რუსლანი. მისივე აზრით, რუსეთი იმდენადაა დარწმუნებული აფხაზეთის მიმართ საკუთარ უპირატესობაში, რომ სინდისის ქენჯნის გარეშე გვაიძულებს, ჩვენი სახელმწიფოსთვის საზიანო დოკუმენტებს ვაწეროთ ხელი.

«შეთანხმების 22-ე პუნქტში ნათქვამია: «აფხაზური მხარე არ წარუდგენს რუსულს პრეტენზიებს, რომლებიც სამხედროების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აფხაზური მხარის კუთვნილი უძრავი ქონებისთვის, ბუნებრივი რესურსებისთვის, კულტურული და ისტორიული ფასეულობებისთვის, იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის ანაზღაურებას უკავშირდება»... ეს რა ხდება, ხალხო?! რა ისეთ «სამსახურებრივ მოვალეობებზეა» საუბარი, რომლის შესრულება გაცილებით ღირებულია სტრატეგიული პარტნიორისთვის მიყენებულ ზიანზე?!», - წერს ASARKIA.INFO-ზე თავის ბლოგში აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი, ჟურნალისტი ნადეჟდა ვენედიქტოვა.

ამჟამად დოკუმენტი მხარეთა მიერ ხელმოწერის სტადიაშია, შემდეგ კი მან, ყველა სხვა საერთაშორისო შეთანხმების მსგავსად, აფხაზურ პარლამენტში რატიფიცირება უნდა გაიაროს. «მსგავს ტერიტორიაზე გასამხედროებული ქვედანაყოფის ჩამოყალიბება დაცვითი შეზღუდვებითა და იურიდიული იმუნიტეტით — ეს აბსურდული გადაწყვეტილებაა, რომელიც არც საღ აზრს შეესაბამება, არც აფხაზეთის კულტურულ და ტურისტულ იმიჯს. იმედი ვიქონიოთ, რომ მხარეები უფრო დაბალანსებულ გადაწყვეტიებას მიიღებენ, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობების გულწრფელ ხასიათსა და ურთიერთპატივისცემას ეჭვქვეშ არ დააყენებს», - წერს ნადეჟდა ვენედიქტოვა.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული დაცვის ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზე ომის შემდგომი დროიდან იმყოფებიან, დაახლოებით 1993 წლიდან. ამასთან, ისინი აფხაზეთის ტერიტორიაზე განუსაზღვრელი პრივილეგიებით სარგებლობენ — კიდევ უფრო მეტით, ვიდრე უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლები. კერძოდ, მათ იცავთ იმუნიტეტი, რომელიც აფხაზეთის კანონებზე მაღლაა დაყენებული. ასე მაგალითად, არსებული ინფორმაციით, დაცვის ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებს შეუძლიათ, რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად შეიტანონ განუსაზღვრელი რაოდენობის იარაღი, აფხაზურ სამსახურებს კი მათი არც შემოწმების უფლება აქვთ, არც ელემენტარულად შეიარაღების რაოდენობის ადა სახეობების შესახებ კითხვის დასმის. ასე უპრობლემოდ კვეთენ ისინი რუსეთ-აფხაზეთის საზღვარს. მათთვის «მწვანე დერეფანია» ორგანიზებული, მაშინ, როდესაც აფხაზეთის მოქალაქეები საათობით დგანან მრავალკილომეტრიან რიგებში.

«ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან კარგად უწყის, რამდენი ადამიანი იმყოფება სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზე და კონკრეტულად რით არიან ისინი იქ დაკავებულები. რუსეთის ხელისუფლებასთან ხანგრძლივი შეთანხმების გარეშე აფხაზეთის ამ სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზე ფეხს ვერც ერთი აფხაზი ჩინოსანი ვერ შედგამს, ყველაზე მაღალი რანგისაც კი!», - ამბობს წყარო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ეს განუკითხაობა ბიჭვინტაში სამწუხაროდ, ერთადერთი მაგალითი როდია იმისა, თუ როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ ართმევს რუსეთი აფხაზეთს მიწებს. გარკვეული დროის წინ რესპუბლიკაში მორიგი სკანდალი აგორდა, რომელიც მაღალმთიან სოფელ აიბღას უკავშირდებოდა. მიზეზად იქცა ინფორმაცია აფხაზური სოფლის «როსრეესტრში» რუსეთის ტერიტორიად შეტანის თაობაზე. საჯარო სკანდალის შემდეგ რუსულმა მხარემ პირობა დადო, რომ ამ ჩანაწერს წაშლიდა, თუმცა სიტყვა არ შეუსრულებია. მეტიც, როსრეესტრის ბაზაში ჩაამატეს აფხაზური სოფლის მთელი უძრავი ქონებაც, მიშენებებისა და ბოსლების ჩათვლით. ღიად გაეკეთებინა იგივე ბიჭვინთასთან მიმართებაში, რუსული მხარე ვერ შეძლებდა, ამდენად, გადაწყვიტა, მისი დაცვის ფედერალური სამსახურისთვის 184 ჰა მიწისა და მიმდებარე აკვატორიის გადაცემის საკითხი ჩუმად მოეგვარებინა.

«თუ ტერიტორია რუსეთს უახლოეს მომავალში არ გადაეცემა, წარგვიდგენენ ანგარიშს მოხმარებული ელექტროენერგიისთვის, გველის ასევე კოლაპსი რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე, საინვესტიციო პროგრამის დაფინანსების შეწყვეტა, კვების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქციის, საწვავისა და ბევრი სხვა რამის მოწოდების შეჩერება. არჩევანი ნათელია, განსაკუთრებით — ახლა, როცა აფხაზეთს ომის დროიდან ყველაზე მძიმე პერიოდი უდგას» - გაგვიმხილა აფხაზეთის პერსპექტივა წყარომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

როგორც იტყვიან, უკომენტაროდ. ყველას, ვინც აფხაზეთში ანტირუსული განწყობების ზრდას უარყოფს, ვურჩევ, უფრო ხშირად დაინტერესდეს რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებით. აფხაზური საზოგადოება, როგორც იქნა, ხმამაღლა ალაპარაკდა რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის მიწების წართმევაზე. ჯერ - აიბღა, ახლა - ბიჭვინთა. რომელი იქნება შემდეგი — შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ, მაგრამ უდავოა, რომ ეს პროცესი წარმატებით მიდის.

კრისტინა ავიძბა

___________________________________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

________________________________________________________________________________________

მასალა მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო "აქცენტისა" და არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც ღია საინფორმაციო პარტნიორობის (OIP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები