factcheck: კობახიძის განცხადება [უზენაესის მოსამართლეებთან დაკავშირებით] თითქოს, რაც ეწერა შარლ მიშელის დოკუმენტში, ზუსტად ის გაკეთდა, ტყუილია

19-07-2021 13:18:57 პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: [უზენაესის მოსამართლეებთან დაკავშირებით] რაც ეწერა შარლ მიშელის დოკუმენტში, ზუსტად ის გაკეთდა

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.

რეზიუმე: 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, მოსამართლეთა დანიშვნა უნდა შეჩერებულიყო იმ დრომდე, სანამ ვენეციის რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდებოდა. 28 აპრილს ვენეციის კომისია კანონში შეტანილ ცვლილებებს მიესალმა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ პროცესის შემდგომ გაგრძელებამდე, საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილება და მოსამართლეობის კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფნის მიზნით, კონკურსის ხელახლა ჩატარება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეკომენდაციები მმართველ გუნდს ამ დრომდე არ შეუსრულებია. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადებები პირდაპირი მიუთითებს, რომ 19 აპრილის შეთანხმება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას გულისხმობს და შესაბამისად, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის დანიშვნა, ამ შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ 19 აპრილის შეთანხმებამდე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელსაც „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმების შესრულებად მიიჩნევს, „შარლ მიშელის შეთანხმების“ შინაარსსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.

ანალიზი:

2021 წლის 14 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოსამართლეთა დანიშვნით 19 აპრილის შეთანხმება არ დაურღვევია - „მე შემიძლია გითხრათ, რაც გავაკეთეთ უზენაესის მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, ზუსტად შეესატყვისება, რაზეც ზეპირსიტყვიერად შევთანხმდით და წერილობით ავსახეთ შარლ მიშელის დოკუმენტში. რაც ეწერა დოკუმენტში, ზუსტად ის გაკეთდა. გაკეთდა პაუზა, მივიღეთ კანონი, რომელიც ზუსტად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ამის შემდეგ, როგორც ეწერა შარლ მიშელის დოკუმენტში, ხელახლა გამოცხადდა საბუთების მიღება დამატებითი კანდიდატებისთვის და ამის შემდეგ განახლდა პროცესი“.

2021 წლის 19 აპრილს ხელისუფლებასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის, ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებები დასრულდა. პარტიებმა ხელი მოაწერეს შარლ მიშელის მიერ შეთავაზებულ 5-პუნქტიან გეგმას, რომლის მიზანიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზის დასრულება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაა. შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი თავი კანონის უზენაესობასა და სასამართლო რეფორმას ეთმობა. მასში აღნიშნულია, რომ „ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა...“ და ჩამოთვლის სხვადასხვა პუნქტს, რომელთა შორის შემდეგი პუნქტებიცაა: „ბ) პარლამენტს უნდა წარედგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას; გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს“.

„ბ“ პუნქტის შინაარსთან მიმართებით, კერძოდ, ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მისაღები კანონპროექტის შესახებ, ხელისუფლების წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ ის ჯერ კიდევ „შარლ მიშელის დოკუმენტის“ ხელმოწერამდე შესრულდა და ხელისუფლებამ ახალი კანონი მიიღო.

კანონპროექტი („საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე), რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურას ეხება და რომელზეც მმართველი გუნდის წარმომადგენლები მიუთითებენ, პარლამენტმა მიმდინარე წლის 1 აპრილს, დაჩქარებული წესით და ერთხმად (86 ხმით) მიიღო. ხაზგასასმელია, რომ პარლამენტმა კანონპროექტი „შარლ მიშელის დოკუმენტზე“ ხელმოწერამდე და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო.

კანონში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ადგილობრივმა ორგანიზაციებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა კრიტიკული პოზიციები დააფიქსირეს. გამოთქმული კრიტიკა, ძირითადად, ცვლილებების მიღების დაჩქარებულ პროცესს, ამ პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის საკითხებს და თავად, ცვლილებების ფრაგმენტულობას ეხებოდა. „კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ კანონპროექტი შეაფასა, როგორც ფრაგმენტული და ქვეყანაში შექმნილ რეალობას სრულად მოწყვეტილი. მათი თქმით, ახალი ცვლილებები პროცესის გაჯანსაღებასა და საზოგადოებაში ნდობის ამაღლებას ვერ უზრუნველყოფს. 7 აპრილს ევროკავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ 1 აპრილს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროპის კავშირის პრესსპიკერის განცხადებით, ევროკავშირი მიესალმება შერჩევის პროცესის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებებისკენ მიმართულ ინიციატივას, თუმცა კონსულტაციების ფართო პროცესის გარეშე, კანონმდებლობის ნაჩქარევად შეცვლის გამო, იმედგაცრუებულია. ევროპის კავშირი დაბეჯითებით ურჩევს საქართველოს, რაც შეიძლება სწრაფად მოსთხოვოს ვენეციის კომისიას იმის შეფასება, შეესაბამება, თუ - არა მიღებული შესწორებები, მის წინა რეკომენდაციებს. ახალი წესები, მას შემდეგ, რაც მათ ვენეციის კომისია დაამტკიცებს, ერთნაირად უნდა გამოიყენებოდეს ყველა კანდიდატის მიმართ. საყურადღებოა, რომ სწორედ ზემოხსენებული კრიტიკის შემდეგ, 8 აპრილს პარლამენტმა უკვე მიღებული ცვლილებები ვენეციის კომისიას საბოლოო რევიზიისთვის გადაუგზავნა.

28 აპრილს ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, კომისია მიესალმება „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებს, რადგან ამ ცვლილებებში ვენეციის კომისიის რამოდენიმე რეკომენდაციაა ასახული. ამის მიუხედავად, კომისიას მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ, არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის მიღებაზეც საქართველომ დამატებით უნდა იმსჯელოს. ამის გათვალისწინებით, ვენეციის კომისიამ 3 საკვანძო რეკომენდაცია გასცა. მათი შეფასებით, შემდეგი გადაწყვეტილებების მიღებამდე, საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილება. ამასთან, მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა უნდა შეჩერდეს იმ დრომდე, სანამ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა არ მიიღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებულ შემთხვევებზე. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ 1 აპრილს მიღებულმა კანონპროექტმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ძველი კანონმდებლობის პირობებში დაწყებულ კონკურსში, ახალი კონკურსანტების მხრიდან დამატებით განცხადებების მიღების შესაძლებლობა გააჩინა, ვენეციის კომისიამ კანდიდატების მიმართ არათანაბარი მოპყრობის თავიდან ასარიდებლად, პროცედურის ჩატარების თავიდან დაწყებაზე მიუთითა.

5 აპრილს, მიღებული ცვლილებების ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნამდე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად - პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით, დამატებითი განცხადებების მიღება გამოაცხადა. დამატებით ვადაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესის სასმართლოს მოსამართლეობის მსურველმა, მხოლოდ სამმა კანდიდატმა მიმართა. საყურადღებოა, რომ ვენეციის კომისიის ზემოხსენებული რეკომენდაციების მიუხედავად, მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესი თავიდან არ დაწყებულა.

21 მაისს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართეს, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეეჩერებინათ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების არჩევა და იუსტიციის საბჭოს წევრების დანიშვნა. მათ, ასევე, ხაზი გაუსვეს შარლ მიშელის დოკუმენტით აღებულ ვალდებულებებს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ფინანსური დახმარება, მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული. 24 მაისს აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ მოსამართლეთა მიმდინარე დანიშვნები 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას არ შეესაბამება.

მიუხედავად მოწოდებებისა, 26 მაისს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 მოსამართლე წევრი აირჩია. 17 ივნისს კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა და მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

აღნიშნულს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო საქართველოში. აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა 19 ივნისს განაცხადა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების არჩევა 19 აპრილს პოლიტიკურ მხარეებს შორის დადებული შეთანხმების სულისკვეთებას არ შეესაბამება. მოგვიანებით, 24 ივნისს აშშ-ის საელჩომ „ტვიტერზე“ მარკერით მონიშნული 19 აპრილის შეთანხმების ის პუნქტები გამოაქვეყნა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნას ეხებოდა და აღნიშნა, რომ შეთანხმების მიხედვით, მიმდინარე დანიშვნები უნდა შეჩერდეს.

9 ივლისს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მესამე შუალედური ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებში გარკვეული გაუმჯობესებისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პროცესში არსებულმა ნაკლოვანებებმა რისკის ქვეშ დააყენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. მათი შეფასებით, „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების აპლიკაციების, გამოცდილების შემოწმებისა და ინტერვიუს პროცედურები არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს“. ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი მოსამართლეობის 9 კანდიდატის განხილვისა და დანიშვნის პროცესი, 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება.

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ პირდაპირი მოწოდებების მიუხედავად, 12 ივლისს პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა.

პარლამენტის გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, კიდევ უფრო მწვავე კრიტიკა მოჰყვა. 14 ივლისს ევროკომისიის პრეს-სპიკერმა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსამართლეთა დანიშვნა 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს ეწინააღმდეგება. პრეს-სპიკერმა მმართველ გუნდს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ ვალდებულებების შესრულება საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობაა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

მოსამართლეთა დანიშვნას საქართველოში აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა. 15 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსამართლეთა დანიშვნა 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ამასთან, აშშ-ის საელჩოს შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმებამდე განხორციელებული ცვლილებები ცალმხრივია, არ შეესაბამება შეთანხმების შინაარსს და საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

16 ივლისს განცხადება გამოაქვეყნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია 12 ივლისს საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს ექვსი კანდიდატის დამტკიცების გამო, რაც ეწინააღმდეგება მმართველი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის 19 აპრილს მიღწეულ შეთანხმებას. მისი არ შესრულება კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს ქართული საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის ნდობას საქართველოს სასამართლოს მიმართ და რისკს შეუქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, შეასუსტებს ინვესტორების ნდობას და შეამცირებს საქართველოს პოლიტიკურ მდგრადობას. მსგავსიგანცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც გაავრცელა.

საბოლოო ჯამში, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ მოსამართლეთა დანიშვნა 19 აპრილის შეთანხმებას შეესაბამება, არის ტყუილი. 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, მოსამართლეთა დანიშვნა უნდა შეჩერებულიყო იმ დრომდე, სანამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდებოდა. 28 აპრილს ვენეციის კომისია კანონში შეტანილ ცვლილებებს მიესალმა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ პროცესის შემდგომ გაგრძელებამდე, საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ცვლილება და მოსამართლეობის კანდიდატებისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფნის მიზნით, კონკურსის ხელახლა ჩატარება. აღსანიშნავია, რომ დასახელებული რეკომენდაციები მმართველ გუნდს არ შეუსრულებია. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახელმწიფო მდივნის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადებები პირდაპირი მიუთითებს, რომ 19 აპრილის შეთანხმება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას გულისხმობს და შესაბამისად, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის დანიშვნა ამ შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ 19 აპრილის შეთანხმებამდე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელსაც „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმების შესრულებად მიიჩნევს, „შარლ მიშელის შეთანხმების“ შინაარსსა და სულისკვეთებას არ შეესაბამება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები