უკრაინელი სამხედროები რეაბილიტაციის კურსს წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრში გაივლიან

19-07-2021 17:52:23 საგარეო პოლიტიკა

აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში დაშავებული უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები რეაბილიტაციის კურსს საქართველოში გაივლიან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებული სამხედროებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ, რის შემდეგაც ფიზიკური, ფსიქოლოგიური და რეკრეაციული რეაბილიტაციის ორკვირიან კურსის გასავლელად, წეროვანში მდებარე, მარო მაყაშვილის სახელობის რეაბილიტაციის ცენტრში გადაიყვანეს.

"სარეაბილიტაციო კურსი მიზნად ისახავს დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის, ფიზიკური და ფუნქციური მდგომარეობის მაქსიმალურ გაუმჯობესებას შესაძლებლობის ფარგლებში, ცხოვრების ხარისხის ოპტიმალური დონის მიღწევასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას. უკრაინელი დაშავებული სამხედროების საქართველოში ვიზიტი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს შორის აღმოსავლეთ უკრაინის ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილე უკრაინელი დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციის ერთობლივი პროექტის განხორციელების თაობაზე” 2015 წლის 28 აპრილს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში რეაბილიტაციის პროცესი ამერიკელი პარტნიორების აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით მიმდინარეობს. უკრაინელი სამხედროების მომდევნო ჯგუფს საქართველოში სექტემბერში ელოდებიან. 2015 წლიდან დღემდე რეაბილიტაცია წეროვანში 237 უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა," – აღნიშნავენ თავდაცვის სამინისტროში.

უკრაინელი სამხედროები საქართველოში ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოვიდნენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები