რიში: „რეგულარულად იმედგაცრუებულები ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება“

21-07-2021 09:44:31 საგარეო პოლიტიკა

აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, მათ შორის, საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილეს. საქართველოს კონტექსტში საუბარი შეეხო სასამართლო და საარჩევნო რეფორმების აუცილებლობას, 19 აპრილის შეთანხმებასა და ქვეყანაში არსებულ ზოგად ვითარებას. სენატორმა ჯიმ რიშმა მსჯელობისას საკუთარი იმედგაცრუება გამოთქვა.

"მე და კომიტეტის სხვა წევრები იმედგაცრუებულები ვართ იმის გამო, რაც საქართველოში ხდება. სენატორი შაჰინი და მე ვიმყოფებოდით საქართველოში 2012 წელს, როდესაც იქ არჩევნები ჩატარდა. ვფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა ახალი ეტაპის დასაწყისი, მაგრამ მას შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებულები ვართ იმით, რაც ქვეყანაში ხდება. სხვადასხვა პარტია მუდმივად ჩამოდის ვაშინგტონში და თითოეული მათგანი ცდილობს, ჩაგვრთოს და დაგვარწმუნოს, რომ მხარი დავუჭიროთ მათ პოლიტიკურ მანევრებს, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს. ჩვენ განუწყვეტლივ ვუმეორებთ მათ, რომ ეს თავად უნდა გადაჭრან. ჩვენ არ ვაპირებთ ავირჩიოთ მხარე, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი პროგრესი", - განაცხადა რიშმა.

საქართველოში არსებულ ვითარებაზე სახელმწიფო მდივნის თანაშემწეების კანდიდატებმაც ისაუბრეს.სენატორ ჯიმ რიშის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ ერთ-ერთმა კანდიდატმა კარენ დონფრიდმა განაცხადა, რომ საქართველოში საარჩევნო და სასამართლო რეფორმის განხორციელება მნიშვნელოვანია და რომ ამ მიმართულებით ძალისხმევას გააგრძელებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები