
მარნეულში მომხდარი სასტიკი მკვლელობის გაგრძელება – სამართალდამცველებმა კიდევ ორი პირი დააკავეს
21/07/2021 10:03:12 სამართალი
მარნეულში ორი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით მოკლული მამა–შვლის ახლობლები სავარაუდო მკვლელის ოჯახში ნიჩბებით შეიარაღებულნი შეიჭრნენ და ბრალდებულის მამას სხეულზე დაზიანებები მიაყენეს. ჩამსხვრეულია სახლის ფანჯრები, დაზიანებულია ორი ავტომანქანა. აღნიშნულის გამო ორი პირია აყვანილი.
"ჩემი ვაჟი მათ ქალიშვილს დაშორდა, იმის მერე კონფლიქტი არ ჰქონიათ, გუშინ რა მოხდა, არ ვიცი. ღამე ჩემი ვაჟი რომ იქ მივიდა და ეს უბედურება მოხდა, გოგოს ოჯახის მხრიდან 10-მდე კაცი რკინისა და ჯოხის ხელკეტებით შეიარაღებული ჩვენ სახლს თავს დაესხნენ, ეზოში ორი მანქანა დაგვილეწეს, მერე ჩემს ქმარს თავს დაესხნენ, თავში ბლაგვი საგნები ურტყეს, თვალი დაუზიანდა, უგონო მდგომარეობაში რომ დაინახეს, მერე თქვეს, „მოდი, ამის ცოლიც მოვკლათო“ და მე უკანა ეზოში ბავშვით ხელში გავიქეცი. ჩემი ქმარი საავადმყოფოში იმყოფება, ახლაც მძიმედაა.
ჩემს ვაჟს სამი მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა ობლად, დედა მოუკლეს, მამა კი ციხეში წავა... ჩვენც გავნადგურდით",-ამბობს დაკავებულის დედა.
მკვლელობები მარნეულში გვიან ღამით მოხდა. გამოძიების ვერსიით, კაცმა ჯერ ყოფილი მეუღლე მოკლა, შემდეგ ქალის მამა, ქალის დედა და ძმა დაჭრა.
დაშორებულ წყვილს სამი შვილი ჰყავთ. ისინი შემთხვევის დროს მამის სახლში იმყოფებოდნენ.