
ოქრიაშვილი – ხაზარაძე–ჯაფარიძის საქმეზე: „თუ ვინმე ამბობს, რომ პროცესი სამეწარმეო გარემოს არ აზარალებს, დეგენერატია“
26/07/2019 12:46:55 თვალსაზრისი, კომენტარი, ეკონომიკა
მმართველი გუნდის წევრის, დეპუტატ კახა ოქრიაშვილის შეფასებით, TBC ბანკის დამფუძნებლების ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები საინვესტიციო გარემოს აზარალებს.
„თუ ვინმე ამბობს, რომ ეს პროცესი არ აზარალებს სამეწარმეო გარემოს, დეგენერატია; მეორე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ბიზნესის, თუნდაც ჩემს მიმართ კითხვები დაისმება, მე პასუხი არ გავცე; მესამე – დაკავებების წინააღმდეგი ვარ, მით უმეტეს, როდესაც ამხელა ფინანსურ, ან არაფინანსურ ეკონომიკურ სუბიექტზეა საუბარი; მეოთხე – თუ რამე აქვთ დაშავებული TBC ბანკის დამფუძნებლებს, შეიძლება, ეკონომიიური სანქციები დაუწესონ. ანუ, თუ გადასახადები აქვთ დამალული, გადაიხდიან. ბუნებრივია, საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე უნდა იყოს“,– განუცხადა „აქცენტს“ დეპუტატმა.
ოქრიაშვილი ეჭვობს, რომ ნამდვილად ფულის გათეთრებასთან გვქონდეს საქმე:
„როდესაც 17 მილიონი დოლარი სესხად არის გამოტანილი და მიცემული დამფუძნებლებისთვის, ამ საკითხს TBC–ს დამფუძნებლებმა მკაფიო პასუხი უნდა გასცენ. მეეჭვება, ეს ფულის გათეთრება იყოს, მაგრამ ამ ფულის მოძრაობაც არ მომწონს: შენ ხარ გამსესხებელი და შემდეგ ეს თანხა ისევ შენთან ხვდება. თუმცა ვიმეორებ, არ მგონია, ეს სისხლის სამარლის საქმე იყოს. თუ რამე დააშავეს მათ, ფინანსურად დავაჯარიმოთ და შევეშვათ ამ ხალხს“.
ამასთან, დეპუტატიფიქრობს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პორტის მშენებლობაში ხელი არ უნდა შეეშალოს:
„ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს და ის უნდა ააშენოს იმ კონსორციუმმა, რომელსაც დაგეგმილი აქვს მშენებლობა. 30 წელია მიდის ფოთის პორტზე საუბარი და ხელი არავის გაუნძრევია; 20 წელია მიდის საუბარი ხან ლაზიკაზე, მერე სახელი შეიცვალა და ანაკლიაზე, მაგრამ არც ამ შემთხვევაში გაუძრევია ხელი ვინმეს, ამ ხალხმა [კონსორციუმმა] მოაბა თავი საკითხს და საშუალება უნდა მივცეთ, საქმე ბოლომდე მიიყვანონ“.
ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა.
2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).
4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა.
9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021