Accentnews.ge
აშშ, გაერთიანებული სამეფო, ესტონეთი, ირლანდია, ნორვეგია, საფრანგეთი და ალბანეთი: "ვგმობთ ქართული რეგიონების ანექსიისკენ მიმართულ რუსეთის ნაბიჯებს"

აშშ, გაერთიანებული სამეფო, ესტონეთი, ირლანდია, ნორვეგია, საფრანგეთი და ალბანეთი: "ვგმობთ ქართული რეგიონების ანექსიისკენ მიმართულ რუსეთის ნაბიჯებს"

04/08/2021 20:04:01 კონფლიქტები, საგარეო პოლიტიკა

დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილეს.

სხდომის დასრულების შემდეგ უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების – აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ესტონეთის, ირლანდიისა, ნორვეგიის, საფრანგეთის და ალბანეთის (საბჭოს მომავალი წევრის რანგში) წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებიდან 13 წელი გავიდა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვწუხვართ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთის ფედერაციის მიერ კვლავ ირღვევა. ვგმობთ რუსეთის უკანონო სამხედრო წარმოდგენილობასა და მის მიერ კონტროლის განხორციელებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე – საქართველოს შემადგენელ ნაწილზე. ამასთან, ვგმობთ რუსეთის ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია ამ ქართული რეგიონების ანექსიისკენ. რუსეთის ქმედებები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.

ჩვენ ვგმობთ რუსეთის უწყვეტ პროვოკაციებს, რომლებიც პანდემიის მიუხედავად, გრძელდება. ეს ქმედებებია: გაძლიერებული სამხედრო წარმოდგენილობა და სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე, გააქტიურებული "ბორდერიზაციის" პროცესი, თვითნებური დაკავებები, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცება, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ხანგრძლივი დახურვა, გალისა და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა. გამოვდივართ მოწოდებით, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ირაკლი ბებუა და საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებულნი.

გვსურს, აღვნიშნოთ "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს" მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთზე, პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ შორის, სამოქალაქო პირების მკვლელობაზე, სამხედრო ტყვეების წამებაზე, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, ქართველებისათვის თავიანთ სახლებში დაბრუნების ხელის შეშლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე გამოძიების ჩატარების განუხორციელებლობაზე.

ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ, იმ ფაქტით, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმის შეუზღუდავი წვდომა ვერ ხორციელდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთზე. გამოვდივართ მოწოდებით, რომ შეუზღუდავი წვდომა მიენიჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისსა და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო და რეგიონულ მექანიზმებს. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნებისთვის პირობები უნდა შეიქმნას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს და "ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების" (IPRM) ფარგლებში გამართულ შეხვედრებს. ჩვენ ხაზს ვუსვამთ გალში IPRM–ის შეხვედრების განახლების აუცილებლობას შემდგომი შეფერხების გარეშე.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს წესდებისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს მის მიერ 2018 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების და ამ შეთანხმების შემდგომი განსახორციელებელი ზომების თაობაზე 8 სექტემბრის შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებები; დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და არ შეაფერხოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნის პროცესი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S