
მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გათავისუფლდა
05/08/2021 07:14:11 სამართალი
15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებისთვის მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გათავისუფლდა.
ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, ჩოლოიანი პირობით ვადამდე გათავისუფლდა.
ჩოლოიანმა პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა.
გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა ბექა სირაძე აცხადებს, რომ საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის ციხიდან გამოშვება მიუღებელია.
"ჩვენთვის მიუღებელი და დამცივანია ის ფაქტი, რომ ადამიანმა, რომელმაც ასეთი დანაშაული ჩაიდინა, იმის მაგივრად, რომ ბრალი დამძიმებოდა, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვიბრძვით, ასე უცებ ციხიდან გამოუშვეს", - აცხადებს ბექა სირაძე.
ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის დეკემბერში შეუფარდა. 2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა.ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაკავებული მარიანა ჩოლოიანის გარდა, ლუკა სირაძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა ორ პოლიციელს.
ამავე თემაზე: რატომ იმარჯვებს საქართველოში სიკვდილი...