საია – ჩოლოიანზე: "ესაა დანაშაულის წაქეზება, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ"
05/08/2021 11:21:50 სამართალი
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ 15 წლის ლუკა სირაძის საქმეში მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება უსამართლო გადაწყვეტილება იყო. საია გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ინტერესების დამცველია. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს დანაშაულის წაქეზებაა.
"ჩვენ ძალიან აღშფოთებულები და გაბრაზებულები ვართ იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ჩვენ ვნახეთ მარიანა ჩოლოიანთან დაკავშირებით და მორიგ უსამართლობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ ლუკა სირაძის საქმეში ვნახეთ. ეს არის არა ამ საქმესთან დაკავშირებით მიღებული მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება, არამედ ესაა პირდაპირი წაქეზება ნებისმიერი იმ დანაშაულისა, რომელიც შეიძლება სამართალდამცავებმა ჩაიდინონ ნებისმიერი ჩვენგანის მიმართ და ისინი დაუსჯელები დარჩნენ", - აღნიშნავს სიმონიშვილი.
მისი თქმით, ოჯახი არ ეთანხმებოდა ჩოლოიანისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთას და განაჩენი სააპელაციოში ჰქონდა გასაჩივრებული. ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ სირაძის საქმეზე მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავეს და სხვა მხრივ გამოძიება წინ არ წასულა.
"ერთადერთი ადამიანიც კი, რომელიც იყო დაკავებული, პირველივე შესაძლებლობისთანავე გაათავისუფლეს და გაათავისუფლეს სასამართლოს გზის გავლით. იმიტომ, რომ იყო მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება და ამის შემდგომ მიიღო უდომ გადაწყვეტილება გათავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც წესი, სასამართლო არ უთითებს გათავისუფლებაზე და უდოს უფლება ჰქონდა სხვა გადაწყვეტილება მიეღო. კომისია არ დაინტერესდა ოჯახის პოზიციით", - აცხადებს სიმონიშვილი.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, მარიანა ჩოლოიანმა საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა.
გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა ბექა სირაძე აცხადებს, რომ საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის ციხიდან გამოშვება მიუღებელია.
"ჩვენთვის მიუღებელი და დამცივანია ის ფაქტი, რომ ადამიანმა, რომელმაც ასეთი დანაშაული ჩაიდინა, იმის მაგივრად, რომ ბრალი დამძიმებოდა, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვიბრძვით, ასე უცებ ციხიდან გამოუშვეს", - აცხადებს ბექა სირაძე.
ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის დეკემბერში შეუფარდა. 2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა.ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაკავებული მარიანა ჩოლოიანის გარდა, ლუკა სირაძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა ორ პოლიციელს.
ამავე თემაზე: რატომ იმარჯვებს საქართველოში სიკვდილი...


