
კობახიძე: "რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება"
05/08/2021 19:15:10 საგარეო პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება, ვინაიდან „წითელი ხაზები“ არსებობს.
"იქიდან გამომდინარე, რომ „წითელი ხაზები“ არსებობს, დიპლომატიურ ურთიერთობებზე საუბარი ვერ იქნება, მაგრამ რაც შეეხება სავაჭრო, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ საკითხებს, ამასთან დაკავშირებით, ყოველთვის იყო დისკუსია და ეს დისკუსია შეიძლება, გაგრძელდეს". - თქვა კობახიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას, რომ რუსეთი მზად არის, თბილისთან აღადგინოს ურთიერთობები იმ დონეზე, რამდენადაც ამისთვის მზად არის ქართული მხარე.
კობახიძე ამბობს, რომ ფრენბი ეკონომიკური საკითხია და არა მხოლოდ:
"და არა მარტო ეკონომიკური, ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ასიათასობით მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში და ბუნებრივია, მათთვის ეს საინტერესო საკითხია. თავის დროზე, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენ მოქალაქეებს პრობლემა შექმნოდათ, ვნახოთ, მომავალში რა იქნება".
დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე ბიკანტოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, თბილისთან ურთიერთობები "იმ დონეზე განაახლოს, რა დონეზეც ქართული მხარე იქნება მზად".
"ჩვენ მზად ვართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განსაახლებლად იმ დონეზე, რა დონეზეც ქართული მხარე იქნება მზად. ვიმედოვნებთ, საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი ქართველი პარტნიორები მეზობლებთან ურთიერთობების ინტერესთა ბალანსის გათვალისწინებით დაიწყებენ", - განაცხადა ბიკანტოვმა 2008 წლის ომის წლისთავისა და რიგი პრორუსულად განწყობილი ქართველი პოლიტიკოსების პუტინისადმი ამასწინანდელი მიმართვის კომენტირებისას.
საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აქვს გაწყვეტილი.
რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია, საოკუპაციო ხაზიდან ადამიანების გატაცება. რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.