იან კელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას დასავლური რეფორმებისგან დაშორების სტრატეგიის ნაწილად განიხილავს
31/08/2021 16:43:12 პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ხელისუფლების მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს დასავლური რეფორმებისგან დაშორების სტრატეგიის ნაწილია.
"ძნელია, ეს გადაწყვეტილება დაინახო სხვაგვარად, თუ არა იმ სტრატეგიის ნაწილად, რომ საქართველო დასავლეთზე ორიენტირებულ აუცილებელ რეფორმებს დაშორდეს", - წერს იან კელი „ტვიტერში“ პირად გვერდზე.
ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, ევროკავშირისგან 2021 წელს მაკროფინანსური დახმარების მეორე ტრანში არ მიიღოს.
არგუმენტად ღარიბაშვილი ასახელებს, ერთის მხრივ, „საქართველოში მაღალ ეკონომიკურ ზრდას“ და მეორე მხრივ – საგარეო ვალის შემცირების სურვილს.
ევროკავშირი დახმარების პირობად საქართველოს მთავრობის/პარლამენტის მიერ რეფორმების გატარებას ასახელებდა, მათ შორის - სასამართლო რეფორმის განხორციელებას.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლებაში გამართულ საპასუხო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.
იხილეთ ასევე: უარი 300 მილიონზე: აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ თავდაჯერების საფუძველი?


