
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი საქართველო-ბელარუსის შეთანხმებას გმობს
31/08/2021 17:04:02 საგარეო პოლიტიკა
აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრები „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავენ ბელარუსისა და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების ამოქმედებასთან დაკავშირებით. საუბარია დოკუმენტზე, რომელსაც 2016 წელს მოეწერა ხელი და ძალაში 2021 წლის აგვისტოში შევიდა.
აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრთა განცხადებაში ყურადღება გამახილებულია ბელარუსში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე: რეპრესიებზე, მათ შორის, პოლიტიკურ დევნაზე, განუკითხაობაზე, ფიზიკურ ძალადობაზე, წამებაზე.
ასევე საუბარია მინსკში Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის ძალით დასმა და მასში მყოფი ოპოზიციონერი ბლოგერის დაპატიმრებაზე.
აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის ცნობით, ბელარუსის 40-დან 150 ათასამდე მოქალაქე იძულებული გახდა, სხვა ქვეყნებისთვის შეეფარებინა თავი. ბევრი მათგანი საქართველოში იმყოფება.
კომიტეტის წევრების შეფასებით, ვითარებას ამძიმებს ის გარემოება, რომ მინსკმა შეწყვიტა ბელარუსის მონაწილეობა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის შეთანხმებაში.
„ასეთ ვითარებაში შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ ალიაქსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმი იცავს ადამიანის ფუნდამენტურ პრინციპებსა და კანონის უზენაესობას, ასევე არ იცავს ის კონსტიტუციას,“– ვკითხულობთ განცხადებაში.
განცხადების თანახმად, რომ ლუკაშენკოსა და მისი რეჟიმის წარმომადგენლებს, მათ შორის, კგბ-ს ხელმძღვანელს ივან ტერტელს, ევროკავშირმა აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა მიზანმიმართული სანქციები დაუწესეს.
აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტის წევრთა თქმით, ლუკაშენკოს პოლიტიკურ რეჟიმთან და მის სადამსჯელო სტრუქტურებთან ნებისმიერი სამომავლო თანამშრომლობით, ან ისეთი არსებული შეთანხმებების ცხოვრებაში გატარებით, როგორიცაა სუს-სა და ბელარუსის კგბ-ს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი, „საქართველოს ხელისუფლება მიდის რისკზე, დისკრედიტებულ იქნეს საკუთარი მოქალაქეებისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალში. მეტიც, [საქართველო] პირდაპირ შეიტანდა წვლილს იმ რეპრესიების გაძლიერებაში, რომლებსაც განიცდიან ბელარუსის მოქალაქეები.“
ფორუმის მმართველი კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს, არ მიაწოდოს ბელარუსს ლუკაშენკას იმ ოპონენტების პირადი მონაცემები, რომლებიც ამჟამად საქართველოს აფარებენ თავს.
აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს:
· გამოიჩინოს კეთილი ნება და საჯაროდ გააუქმოს ან გაყინოს სუს-სა და ბელარუსის კგბ-ს შორის შეთანხმება და სხვა სამთავრობოთაშორისო შეთანხმებები, რომლებსაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს ბელარუსის ოპოზიციის წარმომადგენელთა დევნა ან მინსკისთვის მათი გადაცემა;
· მიიღოს საჭირო ზომები საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ბელარუსის მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად და დახმარება გაუწიოს მათ;
· თავშესაფრის მაძიებელი ბელარუსის მოქალაქეების დასახმარებელი ზომების კოორდინაცია მოახდინოს პარტნიორებთან - ევროკავშირთან და აშშ-სთან.
ამავე დროს აღმოსავლეთის პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მმართველი კომიტეტი ევროკავშირს მოუწოდებს:
· ბელარუსის კგბ-სა და სუს-ს შორის შეთანხმების გაუქმების საკითხი წამოჭრას საქართველოს მთავრობასთან;
· საჯაროდ დაგმოს ეს შეთანხმება;
· საქართველოს მთავრობასთან იმსჯელოს საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების მდგომარეობაზე, განსაკუთრებით მათი პირადი მონაცემების დაცვისა და პირადი უსაფრთხოების თაობაზე.