
მორიგი რუსი პოლიტდევნილი საქართველოში: ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის რუსეთიდან გამოქცეული ადვოკატი უკვე თბილისშია
08/09/2021 12:09:50 პოლიტიკა, სამართალი
ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატმა ივან პავლოვმა რუსეთი იძულებით დატოვა და თბილისში დაიდო ბინა.
ამის შესახებ თავად იურისტი, რომელიც რუსეთში სახელმწიფო ღალატის მუხლით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე სპეციალიზდებოდა და საბოლოოდ თავად იქცა სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტად "საგამოძიებო ინფორმაციის განსაჯაროების" ბრალდებით, ტელეგრამ-არხში წერს.
"ახლა ჩემს დედულეთში - საქართველოში ვიმყოფები, სადაც ბავშვობაში რამდენიმე წელი თავადაც ვიცხოვრე [...]. ბევრი რამის ნულიდან დაწყება მომიწევს, თუმცა ეს პირველი ასეთი შემთხვევა არაა ჩემს ცხოვრებაში. მეტსაც გეტყვით, ვაპირებ, აქედან განვაგრძო საქმიანობა, რომლის გამოც მაიძულეს, რუსეთი დამეტოვებინა. თუმცა ჩემს მომავალს მაინც რუსეთს ვუკავშირებ და დაბრუნების იმედი მაქვს" - წერს ადვოკატი.
50 წლის პავლოვი საადვოკატო საქმიანობას 1997 წლიდან ეწევა. იგი ხელმძღვანელობდა უფლებადამცველ ორგანიზაცია "ბელლონას" სანქტ-პეტერბურგში, გახლავთ ასევე საადვოკატო გაერთიანება "Команда 29"-ის დამფუძნებელი, რომელიც შემდგომში რუსეთის მოქმედი ხელისუფლების მიერ "არასასურველ ორგანიზაციად" გამოცხადდა და აიკრძალა.
პავლოვმა დააფუძნა ასევე სახელმწიფოს მიერ სოციალურად მნიშვნელოვანი მონაცემების განსაჯაროებისთვის მებრძოლი "თავისუფალი ინფორმაციის ფონდი".
იგი ადვოკატირებას უწევდა ბრალდებულებს პოლიტიკურად მოტივირებულ მთელ რიგ რეზონანსულ საქმეებში, მათ შორის - ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებული "კორუფციასთან ბრძოლის ფონდის" საქმეში.
ცნობისთვის: ეს ორგანიზაცია პუტინის ხელისუფლების მიერ "ექსტრემისტულად" გამოცხადდა და რუსეთში აიკრძალა. ფონდის რამდენიმე წარმომადგენელი, რუსული მედიის ინფორმაციით, ასევე საქართველოშია გადასული საცხოვრებლად.