"მომდევნო დღეებში ენმ–ის მიერ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების ატვირთვა იგეგმება"

14-09-2021 15:20:57 პოლიტიკა

ინტერნეტში "სუს–ის ფაილების" გამოჩენისა და მის გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ, რაზეც პასუხისმგებლობას მმართველი გუნდი ოპონენტებს აკისრებს, "ქართული ოცნება" აანონსებს, რომ ინტერნეტში შესაძლოა, ასევე აიტვირთოს საჯარო მოხელეების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. კერძოდ, როგორც ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, "ქართულ ოცნების" ინფორმაციით, მომდევნო დღეებში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გარკვეული ჩანაწერების ინტერნეტში ატვირთვა იგეგმება.

როგორც მდინარაძე ამბობს, აღნიშნული ჩანაწერები მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას.

მდინარაძე სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

"გუშინ, საზოგადოებას წარვუდგინეთ ჩვენი პოზიცია იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაეკლესიო კამპანიის შესახებ, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკური ძალა და მისი კუთვნილი ტელეკომპანიები საქართველოში უკვე წლებია აწარმოებენ.

ამ კამპანიის მორიგი გამოხატულება იყო ის გარყვნილება, რომელიც გუშინ აღნიშნული ტელეკომპანიების ეთერში ვიხილეთ და ეს სამწუხაროდ, ახლაც გრძელდება. ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" კუთვნილი პარტიული ტელეკომპანიების მიერ, გუშინდელი დღიდან აგორებული ბოლშევიკური კამპანია ემსახურება ფონის შემზადებას პირადი ცხოვრების ამსახველი გარკვეული ჩანაწერების თუ მათი ფაბრიკაციის გავრცელებისათვის, რომლის ინტერნეტში ატვირთვა, ჩვენი ინფორმაციით, მომდევნო დღეებში ნაციონალური მოძრაობის მიერ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იგეგმება.

ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული ჩანაწერები უკავშირდება საჯარო პირებს და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევას. ჩანაწერის შინაარსიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ბოლშევიკური აზროვნების ადამიანებს შეიძლება თავში აზრად მოუვიდეთ მათი გავრცელება. კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნული ქმედებისგან, ამასთან, დარწმუნებულები ვართ, თუ ისინი ამგვარ სიბინძურეს იკადრებენ და აღნიშნულ ჩანაწერებს გაავრცელებენ, საზოგადოების მღელვარების და რისხვის ობიექტი სწორედ ნაციონალური მოძრაობა და მისი თანამზრახველები გახდებიან. სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ, მიიღონ ყველ ზომა ამ საქმის ჯეროვნად გამოსაძიებლად და საზოგადოებისთვის სრული ინფორმაციის მისაწოდებლად," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები