გახარიას გუნდი ფაილებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას და პროცესში ლომჯარიას ჩართვას ითხოვს

15-09-2021 14:28:07 პოლიტიკა

ექს–პრემიერ გიორგი გახარიას გუნდი „სუს–ისფაილებთან“ დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას და გამოძიების პროცესში ომბუდსმენისა და საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას მოითხოვს. მოთხოვნა დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება გამოძიების ნაცვლად პოლიტიკური ოპონენტების დადანაშაულებითაა დაკავებული და მათ ინტერესებში ჭეშმარიტების დადგენა არაა.

"მოვითხოვთ, პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები, მეორე მხრივ კი მოვითხოვთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადაც ასევე მონაწილეობას მიიღებენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო ექსპერტები", - თქვა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ინფორმაცია ამ მასალების არსებობის შესახებ ირიბად დაადასტურეს.

"ის, რაც დღეს ვისმენთ და ვხედავთ, აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელია და ამის ჩამდენმა პირებმა კანონის სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი. ამასთან, აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია ამ მასალების არსებობის შესახებ ოცნების ლიდერებმა ირიბად დაადასტურეს.

დღეს გვერდით უნდა გადაიდოს პარტიული ინტერესები და შევთანხმდეთ ამ ურთულესი პრობლემის გადაჭრაზე. საქმე გვაქვს არამხოლოდ პოლიტიკური წინასაარჩევნო გარემოს დაზიანებასთან, არამედ ეს პროცესი აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს", - თქვა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდა ასეულობით ფაილი, რომელშიც მეტ–ნაკლებად აქტიური მოქალაქეების, მათ შორის, სასულიერო პირების ფარულ მიყურადებაზე, პირადი ცხოვრების დეტალებზე, რიგ შემთხვევაში, დანაშაულზეც არის საუბარი. ჩანაწერები უკანასკნელი წლებით თარიღდება და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, დადასტურდება ქვეყანაში ტოტალური მიყურადების არსებობა.

ჩანაწერების ავთენტურობა რიგმა ფიგურანტებმა დაადასტურეს.

იხილეთ ასევე: ღარიბაშვილმა "სუს–ის ფაილების" კონტექსტში გახარიასა და ხოჯევანიშვილზე მიანიშნა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები