„ყველაფერი წინაა“ – ინტერვიუ მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელთან

21-09-2021 00:02:28 ეს საინტერესოა ,ინტერვიუ

გუნდის მოტივატორი, ფსიქოლოგი, ენერგიული, მეგობარი – ამგვარად ახასიათებენ მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელს დავით ასუმბანს „აქცენტთან“ მისი ყოფილი თუ ამჟამინდელი მოსწავლეები, რომლის გადაწყვეტილებასაც, კარიერა თურქეთში გაეგრძელებინა, ქართველი სპორტსმენების წარმატებებით განებივრებულ ძიუდოს გულშემატკივრებსა თუ თავად სპორტსმენებში დიდი წუხილი მოჰყვა. შემდეგ იყო ისტორიული ჩავარდნა, პრობლემები კი განსაკუთრებით თვალსაჩინო 2018 წელს გახდა, როდესაც ქართველი ძიუდოისტები პირველად საქართველოს ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატიდან მედლის გარეშე დაბრუნდნენ, თურქეთს კი პირიქით, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ჰყავდა პირველი ჩემპიონი და დაიწყო საუბრები თურქეთის ნაკრების მოულოდნელ პროგრესზე. ამრიგად, „აქცენტის“ კითხვებს პასუხობს ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც შეძლო და ძიუდოს გულშემატკივრებს როგორც სპორტსმენმაც დაამახსოვრა თავი მიღწეული შედეგებით.

2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატი: ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, ოლიმპიური და მსოფლიო პიზიორი ვაჟა მარგველაშვილი, მწვრთნელი დავით ასუმბანი

დავით, საკმაოდ ახალგაზრდა – 27 წლის ასაკში ჩამოშორდით აქტიურ სპორტს და გადაწყვიტეთ, ძალები მწვრთნელის ამპლუაში მოგესინჯათ. როგორ მიხვედით ამ კონდიციამდე?

ტრავმები მაწუხებდა, რაც ჩემი მაქსიმუმის გამოვლენის შესაძლებლობას აღარ მაძლევდა. ამდენად, საჭიროდ ჩავთვალე, კვლავ სპორტში დავრჩენილიყავი, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ჩემი გამოცდილება და პრაქტიკული ცოდნა გამომეყენებინა უკვე როგორც როგორც მწვრთნელს და შემექმნა წარმატებული მწვრთნელის კარიერა.

გამოგივიდათ?

ეს ალბათ, გულშემატკივარმა უნდა შეაფასოს და აღნიშნავდნენ კიდეც, რომ ჩვენი მწვრთნელობის პერიოდში, როგორც საქართველოში, ისე თურქეთში, ორივე გუნდი წარმატებული იყო: მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე პოზიციებს იკავებდნენ.

ევროპის გუნდური ჩემპიონატი კაზანი 2016 წელი. საქართველოს ეროვნული ნაკრები

როგორც უკვე ვთქვით, მწვრთნელის ამპლუაში თქვენი კარიერა საქართველოში დაიწყო, შემდეგ კი ვფიქრობ, საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღეთ – გაგეწვრთნათ დიდი ქვეყნის – თურქეთის ეროვნული ნაკრები...

ჩემი სამწვრთნელო კარიერა საქართველოში 2012 წელს დაიწყო. პირველი ხუთი თვის განმავლობაში ვმუშაობდი ძიუდოს ახალგაზრდულ ნაკრებთან, შემდეგ ძიუდოს ფედერაციამ დიდების ნაკრებში გადასვლა შემომთავაზა და ბატონ ირაკლი უზნაძესთან ერთად ეროვნულ ნაკრებს ჩავუდექი სათავეში და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წარმატებებიც გვქონდა – როგორც აღნიშნავდნენ, პროგრესი თვალსაჩინო იყო: 2013 წლის ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა გუნდმა ისტორიული შედეგი აჩვენა – 7 წონითი კატეგორიიდან 6 ფინალი ვიჭიდავეთ: 3 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ, მოვიგეთ გუნდური ჩემპიონატიც – ფინალში რუსეთი დავამარცხეთ. შემდეგ იყო მსოფლიო ჩემპიონატი და გუნდურში მსოფლიო ჩემპიონები გავხდით. ამავე წელს ქართულ ნაკრებს ევროპის ძიუდოს საუკეთესო გუნდის წოდება მიენიჭა და ეს წარმატებები შემდეგ წლებშიც გაგრძელდა, იყო წარმატებული ასპარეზობა როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ დონეზე. ვფიქრობ, სწორად დაგეგმილი ვარჯიშები გვქონდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ვიწვევდით უცხოელ სპეციალისტებსაც. ამ წარმატებული 4–წლიანი ციკლის და რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ – 2016 წლის დეკემბერში თურქეთის ძიუდოს ფედერაციამ მათთან თანამშრომლობა შემოგვთავაზა. პირადად მე ახალი გამოწვევები მიზიდავს, შესაბამისად, ამ შეთავაზებას დავთანხმდით და ჩავიბარეთ თურქეთის ძიუდოს ეროვნული, ახალგაზრდული და ქალთა ნაკრები გუნდები. უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად უშედეგო გუნდი დაგვხვდა და მუშაობა ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ. დაიწყო საკმაოდ რთული პროცესი, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც დაგვხვდა, იყო დიდი პასუხისმგებლობაც და ერთი წლის თავზე ერთობლივი შრომის შედეგად თურქეთს ისტორიაში პირველად გაუხდა მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებში – ბილალ ჩილოღლუ 73 კ.გ. წონით კატეგორიაში.

ირაკლი უზნაძე, დავით აუმბანი, ბილალ ჩილოღლუ

შემდეგ ის სენიორებში გახდა ევროპის და მსოფლიო პრიზიორი, გახდა აბუდაბის გრანდ–სლემის და აგადირის გრანდ–პრის ჩემპიონი. ასევე თვალსაჩინო იყო ვედატ ალბაირაკის წარმატებები, რომელმაც 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, 2021 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა, სადღეისოდ ის მსოფლიო რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებს...თურქეთს ისტორიაში 20–წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყანამ ძიუდოში შეიძინა მსოფლიო პროზიორი, ასევე 15–წლიანი პაუზის შემდეგ გვყავდა ევროპის ჩემპიონი. მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა ახალგაზრდულ ნაკრებსაც: ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე ჩვენმა გუნდის წევრებმა აიღეს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მრავალი მედალი. ჩვენ ვატარებდით საერთაშორისო შეკრებებს, ჩამოგვყავდა გამოცდილი და წარმატებული სპორტსმენები, პანდემიის პერიოდში პირველებმა შევძელით საერთაშორისო შეკრების ორგანიზება, რომელზეც 20–მდე ქვეყნის წარმომადგენლები გვყავდა მოწვეული. უნდა აღინიშოს, რომ არც ერთი ინფიცირებული არ გვყოლია. ამდენად, საკმაოდ წარმატებული, პროგრესული გუნდი ჩამოყალიბდა და დღეს თურქეთის ეროვნული ნაკრები მოიხსენიება როგორც მსოფლიოს მასშტაბით ერთ–ერთი წამყვანი გუნდი.

მსოფლიო მასტერსი 2021 SAYIT kayra

როგორ ფიქრობთ, რაში მდგომარეობს თქვენი წარმატების ფორმულა, რომელმაც შედეგი, როგორც აღნიშნეთ, მათ შორის თურქეთის მაგალითზეც გვიჩვენა?

უპირველესად, შრომაში, პასუხისმგებლობაში – თუ როგორ მიუდგები შენს საქმეს, რისთვის ხარ მზად, რამდენად მიზანდასახული ხარ, ორიენტირებული – შედეგზე, პლუს – სწორ დაგეგმარებაში: ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელის და სპორტსმენის ურთიერთდამოკიდებულება. მოგეხსენებათ, თავად ვიყავი აქტიურ სპორტში და აბსოლუტურად გააზრებული მაქვს ეს საჭიროება: აუცილებელია სპორტსმენთან მეგობრული ურთიერთობა, მისი მოსმენა, გაგება, ურთიერთნდობა და ურთიერთკავშირი. ამდენად, ხან მოგიწევს, იყო ფსიქოლოგი, ხან საუკეთესო მეგობარი ისე, რომ ავტორიტეტი შეინარჩუნო... როდესაც სპორტსმენი ხედავს, რომ მწვრთნელი მასზე და მის შედეგზეა ორიენტირებული, ამისთვის თავს არ ზოგავს, გთავაზობს ინოვაციებს, ის გენდობა, მოგყვება და შედეგიც არ აყოვნებს. და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ხელშეწყობაც, რომელიც ჩვენს შემთხვევაში, ფედერაციის მხრიდან ნამდვილად იყო. სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ იმ პოტენციალის გაჩენას, რომელიც ვფიქრობ, თურქეთის ძიუდოს ფედერაციას მომავალში კიდევ მეტ წარმატებას მოუტანს.

2021 წელი: თურქეთის ძიუდოს ნაკრები ოლიმპიადაზე მიემგზავრება

თქვენ ისაუბრეთ ხელშეწყობაზე. საქართველოს შემთხვევაში ძიუდოს ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე ხშირად არის საუბარი, იყო დრამატული პროცესებიც. თურქეთში მუშაობის შემდეგ, როდესაც შიდა სამზარეულოში ჩახედვის შესაძლებლობა გქონდათ, ვფიქრობ, პარალელის გავლებაც შეგიძლიათ. თურქეთსა და საქართველოში არსებულ დამოკიდებულებებში მნიშვნელოვანი სხვაობაა?

ზოგადად, საქართველოში სპორტის მიმართ ვერ ვიტყვი, რომ ყურადღება არ არის, მაგრამ არც ისეთი, როგორსაც ქართული სპორტი იმსახურებს საკუთარი შედეგებიდან გამომდინარე. საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, არის ძალიან დიდი კონკურენცია, საქართველოს დიდი რესურსი აქვს, ჰყავდეს ძალიან წარმატებული სპორტსმენები – უფრო მეტი, ვიდრე დღეს ჰყავს, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან არაა იმგვარი მხარდაჭერა, რასაც ახალგაზრდა თაობის საჭიროებები მოითხოვს. კერძოდ, იგივე თურქეთის მაგალითზე რომ ვთქვათ, სამწუხაროდ, საქართველოში არც ერთი ოლიმპიური მოსამზადებელი ბაზა არ არის, არც სარეაბილიტაციო ცენტრი (რაც სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია), თურქეთს კი პირიქით, ძალიან ბევრი ბაზა, დარბაზი, მოსამზადებელი, სავარჯიშო, საშეჯიბრო პირობები აქვს. მაგრამ, საქართველოსგან განსხვავებით, თურქეთში პროფესიონალი, მოტივირებული მწვრთნელების მნიშვნელოვანი დეფიციტია.

თავის დროზე თქვენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენდით, შემდეგ აქვე გყავდათ მოწაფეები და მოგვიანებით გადაინაცვლეთ თურქეთში. ცხადია, თქვენს ყოფილ მოწაფეებს ამჟამინდელ მოწაფეებთან უწევთ კონკურენციაში შესვლა. ეს ემოციურად რთული არ არის?

დავით ასუმბანი, ირაკლი უზნაძე, ავთანდილ ჭრიკიშვილი

ცხადია, რთულია. ხშირად იყო, როდესაც ჩემს ყოფილ მოსწავლეებს ამჟამინდელ მოსწავლეებთან უწევდთ ასპარეზობა. მაგალითად, მახსენდება ერთი ასეთი შეხვედრა: შედგა ჩემი ყოფილი მოსწავლის, ოლიმპიური ჩემპიონის და ჩვენი საყვარელი სპორტსმენის ლაშა შავდათუაშვილისა და ბილალ ჩილოღლუს დაპირისპირება. ამ შეხვედრაზე სწორედ მე, როგორც მწვრთნელს, ჩილოღლუსთვის ტაქტიკური დავალებების მიცემა მომიწია. ბუნებრივია, არის ემოციური ფონი, მაგრამ ასეთია სპორტი. პირადად მეც ჩემი სპორტული კარიერის განმავლობაში ძალიან ხშირად მიწევდა მეგობრებთან შეხვედრა და კონკურენციის გაწევა, მაგრამ ესაა სპორტის კანონი – ტატამზე ვჭიდაობთ, იმარჯვებს ძლიერი, ტატამს გარეთ კი ოჯახის წევრები ვართ.

ბრძანეთ, „ახალი გამოწვევები მიყვარსო“ და ამჟამად რა გეგმები გაქვთ?

ვფიქრობ, რომ ჩემი ცოდნის რეალიზაცია როგორც მწვრთნელს რაღაც დონეზე გამომივიდა, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა – დიდი გეგმები მაქვს, ძიუდოში ინოვაციების შემოტანა მინდა, მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის. პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის ახალი მოსამზადებელი ციკლი იწყება. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, ვფიქრობ, წინა გამოწვევებს, წარმატებით გავართვით თავი, ამჟამადაც არის გარკვეული შემოთავაზებები და ფიქრის რეჟიმში ვარ, სად სჯობს როგორც ჩემი შესაძლებლობების რეალიზებისთვის, ისე უშუალოდ ჩემი საყვარელი სპორტის განვითარებისთვის კარიერის გაგრძელება, რადგან ჩემი მიზანი არა ერთი ადგილის ტკეპნა, არამედ განვითარებაა.