NCDC „ალმას“ ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების აღდგენისკენ მოუწოდებს

21-09-2021 21:15:33 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი შპს „ალმას“ პასუხობს და ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების აღდგენისკენ მოუწოდებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ცენტრისთვის გაუგებარია შპს „ალმას“ განცხადება, თითქოს 3 ადგილას ბანერი დაავადებათა კონტროლის ცენტრთან შეთანხმებულად გამოიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიზანშეუწონლად მიიჩნევს ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების შეცვლას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ვადის გაგრძელების თაობაზე თავად ცენტრს არ მიუმართავს შპს „ალმასთვის“.

„თავს უფლებას ვაძლევთ გიპასუხოთ თქვენს განცხადებაზე, სადაც აღნიშნავთ, რომ თქვენ ბანერების განთავსების დაპირებული სამთვიანი ვადა კეთილსინდისიერად შეასრულეთ და სახელშეკრულებო ვალდებულებები ამოწურეთ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ რომ, ფართო საკომუნიკაციო კამპანია სასიცოცხლოდ აუცილებლია მოსახლეობის ინფორმირებისთვის, რომ ვაქცინაცია არის მნიშვნელოვანი და უსაფრთხო, ვადასტურებთ იმასაც, რომ ქვეყნის მასშტაბით თქვენს მიერ, ამ შინაარსის არაერთი ბანერია განთავსებული, მაგრამ განვმარტვთ, რომ ცენტრსა და შპს „ალმა“-სთან 2021 წლის 7 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში თქვენს მიერ განცხადებაში მოყვანილი სამთვიანი ვადა მოხსენიებული არ არის და ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ სექტემბერში რადგან ცენტრმა არ მომართა მხარეს ბანერების ლოკაციის ცვლილების ან ვადის გაგრძელებაზე, თქვენ გქონდათ სრული უფლებამოსილება, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერზე, თუნდაც რამდენიმე ადგილზე, პირდაპირ სხვა შინაარსის ბანერები გადაგეკრათ ცენტრთან შეთანხმების გარეშე, მით უფრო, თავად წერთ, რომ ცოტა ხნის წინ სამ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებული შინაარსის ბანერზე შეთანხმდით, აქვე, იქნებ დაგვიკონკრეტოთ, ვისთან შეთანხმდით ამ საკითხებზე, ცენტრთან ეს არ ყოფილა შეთანხმებული“, - ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხაზს უსვამს, რომ „ბანერის განთავსების ლოკაციის ცვლილება უნდა განხორციელებულიყო, მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით“. ამასთან, ცენტრი იმედოვნებს, რომ კომპანია „ალმასთან“ თანამშრომლობის მრავალწლიანი პრაქტიკის გათვალისწინებით, მათ შორის შექმნილი გაუგებრობა აღმოიფხვრება, რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს საყოველთაო ვაქცინაციის მიმდინარეობაზე და შპს „ალმა“ აღადგენს ვაქცინაციის მხარდამჭერ ბანერებს“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები