
"ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ: არაა ბუნებრივი პარტნიორთან ამგვარი დამოკიდებულება" – ბრიუსელში საქართველოს ელჩი "სუს–ის ფაილებზე" დაიბარეს
22/09/2021 08:14:52 პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლება სავარაუდოდ, სუს–იდან გამოჟონილ მასალებთან დაკავშირებით სიტუაციურად პოზიციონირებს და დამნაშავის მოძებნას ოპოზიციაში ცდილობს, თუმცა ევროკავშირში საკითხს სერიოზულად მოეკიდნენ, ცნობილი გახდა, რა ბრიუსელში შემდგომ ნაბიჯებზე მსჯელობის თაობაზე. ხოლო დღეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელის სათავო ოფისში სწორედ რომ ამ თემასთან დაკავშირებით დაიბარეს.
„თქვენ უკვე იცით ბრიუსელის რეაქცია ამასთან [„სუს–ის ფაილებთან“ – რედ.]დაკავშირებით: ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ, რადგან ეს საბოლოო ჯამში, ვენის კონვენციის დარღვევას ეხება და არაა ბუნებრივი, როდესაც ასეთი დამოკიდებულებაა პარტნიორი ქვეყნის მიმართ. ევროკავშირში საქართველოს ელჩი გუშინ დაბარებული იყო ბრიუსელის სათავო ოფისში, რათა დაფიქსირებულიყო პოზიციები და ყოფილიყო შემდგომი მსჯელობა“,– განაცხადა ჰარცელმა თემის კომენტირებისას.
მან დეტალებში ღრმად შესვლისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ მოვლენებს თალს ადევნებს და კომუნიკაცია აქვს საქართველოს ხელისუფლებასთან.
ამასთან, მან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ფუნქცია–მოვალეობები შეახსენა:
„მინდა, მოსმენების საკითხს უფრო ღრმად შევეხო, როგორც შინაარსს, ასევე ზოგადად. უნდა გაგრძელდეს დისკუსია თვალთვალისა და მიყურადების შესახებ და მასშტაბზე. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა უნდა იმუშავოს იმ საფრთხეებზე, რაც ქვეყანას ემუქრება. მაგალითად, ტერორიზმზე, შპიონაჟზე და ეს ყველაფერი უნდა იყოს განხორციელებული ძალიან ფრთხილად და ეს ინსტიტუცია ანგარიშვალდებული უნდა იყოს. ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნო პირადი ცხოვრების ხელყოფის დაუშვებლობა! ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და დაცვის უფლება. მიმდინარეობს გამოძიება და უფრო ფართო დისკუსიაა საჭირო პოლიტიკურ სპექტრში, რადგან მიყურადება და თვალთვალი არ არის დემოკრატიული საზოგადოების ნაწილი“.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს.
14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.
მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.