პუტინის უახლოესი გარემოცვა ფეიქ-სიახლეებს ციტირებს

22-09-2021 16:23:08 მითები და რეალობა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, პრეზიდენტ პუტინის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა წევრმა ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ "დასავლეთში ტრადიციული ღირებულებების მქონე ადამიანების დაუფარავი დისკრიმინაცია ხორციელდება".

"დასავლეთში მიზანმიმართულად უთხრიან ძირს ნორმალურ გენდერულ ურთიერთობებს, მამასა და დედას "მშობელ №1-სა და მშობელ №2"-ს არქმევენ, ზოგიერთგან კი საქმე ცხოველებთან ქორწინების ლეგალიზებამდეც კი მიდის" - განაცხადა პატრუშევმა გამოცემა "Аргументы и факты"-სთან ინტერვიუში, თუმცა სად ხდება მსგავსი რამ - არ დაუკონკრეტებია.

სინამდვილეში, ცხოველებთან ქორწინება დასავლთის არც ერთ ქვეყანაში არაა ლეგალიზებული. პატრუშევი კი ამ დეზინფორმაციის გავრცელებისას შესაძლოა, ეყრდნობოდეს ფეიქ-სიახლეების სატირისტულ რუსულ საიტ "Панорама"-ს: 2018 წელს ეს უკანასკნელი წერდა, თითქოს შვედეთის სასამართლომ ქალისა და ცხენის ქორწინება დაუშვა. მოგვიანებით ეს ფეიქ-სიახლე სხვა რიგმა რუსულმა საიტებმაც აიტაცეს.

ზოგადად, "დასავლეთში ზოოფილიისა და პედოფილიის ლეგალიზების" სადეზინფორმაციო ნარატივი ხშირად ჟღერს ვითომდა "ტრადიციული ფასეულობების დამცველი" რუსი პოლიტიკოსების განცხადებებში. ამის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ მაგალითს წარმოადგენს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ ალექსეი ჟურავლიოვის მტკიცება, თითქოს "დანიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, სპეციალურ ბორდელში კუზე სექსუალურად იძალადოს".

რაც შეეხება პატრუშევსა და პუტინის უახლოესი გარემოცვლის სხვა გავლენიან წარმომადგენლებს, მათ განცხადებებში ზოგადად დასავლეთის ძაგება ტრადიციული თემაა. საკუთრივ პატრუშევი ხშირად ადანაშაულებს აშშ-ს სხვა სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ვითომდა ჩარევაში, ასევე იმაში, რომ ამერიკა "მსოფლიოში დესტაბილიზაციის მთავარი გამღვივებელია". ხშირად აკრიტიკებს იგი ბრიტანეთსაც, რომელსაც ვითომდა სურს, "ძველი მეთოდებით აღადგინოს თავისი იმპერია ახალი სახელით «გლობალური ბრიტანეთი". პატრუშევის სადეზინფორმაციო "ობექტივში" არაერთხელ მოხვედრილან ასევე იაპონია, ევროკავშირი, უკრაინა და საქართველოც.

უნდა აღინიშნოს, რომ ფეიქ-ნიუსებს პერიოდულად ციტირებს თავად პრეზიდენტი პუტინიც. ასე, მაგალითად, არცთუ დიდი ხნის წინ მან აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის - მადლენ ოლბრაიტის გამოგონილი ციტატა მოიყვანა: "უსამართლოა, რომ ციმბირის სიმდიდრე მხოლოდ ერთ ქვეყანას ეკუთვნისო". რეალურად, ოლბრაიტს მსგავსი რამ არასოდეს უთქვამს, თუმცა დეზინფორმატორები "რუნეტში" მას ამ ციტატას 2000-იანი წლებიდან მიაწერენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები