„დელტა“ ისეთი ვერაგი გამოდგა, რომ უკვე მოსახლეობის 60%–ის აცრაც აღარ არის საკმარისი"

24-09-2021 15:42:29 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვაქინაციის დაბალ ტემპზე ისაუბრა.

მისი თქმით, სადღეისოდ საქართვლოში მოზრდილი მოსახლეობის 26%–ია ვაქცინირებული, რაც განსაკუთრებით „დელტა“ შტამის არსებობის პირობებში, ქვეყანაში იმუნური ფენის შესაქმნელად საკმარისი არ არის.

„დღეს მოზრდილი მოსახლეობის 26%–ია აცრილი. წლის ბოლომდე აცრილი უნდა იყოს 60%, რომ წლევანდელი ახალი წელი იყოს შედარებით ნორმალური მოსახლეობისთვის, მაგრამ 60%–იც აღარ არის უკვე საკმარისი. „დელტა“ შტამი ისეთი ვერაგი გამოდგა, რომ აუცილებელია უფრო მეტი. ვაქცინების მარაგი არის, ამიტომ უნდა გაგრძელდეს აქტიური ვაქცინაციის პროცესი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა ვაქცინაციის და რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე:

„მალე, ერთ კვირაში დავიწყებთ დამატებით გრიპის ვაქცინაციას, რადგან გრიპი დაახლოებით ნოემბერში გამოჩნდება. თუმცა, მთავარი დღეს არის კოვიდი. დღესაც 38 ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა კორონავირუსმა. მართალია, ეპიდსიტუაცია სტაბილიზაციისკენ მიდის, მაგრამ პირბადის ტარების მაჩვენებელს თუ 95%–ზე ავიყვანთ (დღეს 43%–ია), მარტო პირბადით ჩვენ დეკემბრამდე 200-250 ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ. აცრის გარეშე ვერ დავამარცხებთ პანდემიას. ოქტომბრიდან უნდა გაიხსნას სკოლები, აუცილებელია სკოლების გახსნა, ბავშვებს განათლება სჭირდებათ. ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ვაქცინაციისკენ“.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მომავალ კვირაში NCDC საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვაქცინის სტიმულირების გეგმას წარადგენს:

„არსებობს გეგმა, ჯერ ვერ გავამხელ. გეგმა სამშაბათს, საკოორდინაციო საბჭოზე წარდგება. გეგმა იქნება განსაკუთრებით 60 წელს ზემოთ ასაკის, პენსიონერების მეტ სტიმულირებასთან დაკავშირებით“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები