რუსეთმა ჯანმრთელობისთვის მავნე მიკრობები ქართულის შემდეგ თურქულ პროდუქტში "აღმოაჩინა"

24-09-2021 18:09:45 მსოფლიო

"როსსელხოზნადზორმა" ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე მცენარეული მიკრობები ქართულის შემდეგ თურქულ პროდუქტში, კერძოდ ხილსა და პომიდორში "აღმოაჩინა".

რუსული უწყება აცხადებს, რომ თურქ კოლეგებს ამის შესახებ უკვე აცნობა და ექსპორტზე გასატანი პროდუქციის ფიტოსანიტარული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კონტროლის გაძლიერება სთხოვა.

აღსანიშნავია, რომ "როსსელხოზნადზორის" ეს განცხადება გამოქვეყნდა რამდენიმე დღით ადრე პრეზიდენტების რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრამდე, რომელიც 29 სექტემბერს სოჭშია დაგეგმილი. თურქმა ლიდერმა განაცხადა, რომ საუბრის ერთ-ერთი საკვანძო თემა სირია იქნება.

"როსსელხოზნადზორის" განცხადებამდე ერთი დღით ადრე კი, გაერო-ს გენასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, აღნიშნა რა, რომ ყირიმს რუსეთის ნაწილად არ სცნობს და არც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყირიმში ჩატარებული ამასწინანდელი არჩევნების შედეგებს აღიარებს.

თითიდან გამოწოვილი მიზეზებით სხვადასხვა ქვეყნების პროდუქციის ბლოკირება რუსეთისთვის დიდი ხანია, საგარეო პოლიტიკური კუთხით ერთ-ერთ ტრადიციულ იარაღადაა ქცეული. ამასწინათ მან იგივე ზომა, უკვე მერამდენედ, საქართველოსთან მიმართებაში გამოიყენა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები