27-09-2021 12:20:03 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის ამბიციაა, "ახლაც სანიმუშო არჩევნები" ჩაატაროს.
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ აბსოლუტურად მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ვპირდებით საზოგადოებასა და პარტნიორებს. ჩვენი მოტივაცია და ამბიცია არის, რომ მართლაც სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ ახლაც და ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი სტაბილური განვითარება ისე, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში აღარ იყოს შემდგომი რყევები, ქაოსი და დესტაბილიზაცია, რომლის მოწყობაც ჩვენს ოპონენტებს სურთ.
რა თქმა უნდა, ვუყურებთ, რომ საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში. ჩვენმა პარტიამ, ყველა მუნიციპალიტეტში, უმაღლეს დონეზე უმაღლესი სტანდარტით ჩაატარა საარჩევნო კამპანია. ჩვენს ოპონენტებს არ მივცემთ საშუალებას, რაიმე პროვოკაციები მოაწყონ. ერთი-ორი გამონაკლისი იყო, ძალიან სამწუხაროა ეს ძალადობის ფაქტები და მე ამის თაობაზე საჯაროდ განვაცხადე. დმანისის მოვლენებზე მინდა აღვნიშნო, რომ მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა. მნიშვნელობა არ აქვს, ვისგან იყო ეს პროვოცირებული და დაგეგმილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ძალადობასა და პროვოკაციებს უნდა ვუპასუხოთ მშვიდად. მაქსიმალურად მშვიდად უნდა გავიაროთ ეს რამდენიმე დღე. ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე და ჩვენ მშვიდად და მობილიზებულად უნდა ჩავატაროთ აღნიშნული არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.