კახა კუჭავა:"არ შეიძლება, ყველაფერზე პირველი მოთხოვნა თანამდებობის დატოვება იყოს"
27/09/2021 09:37:25 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა თანამდებობა არ უნდა დატოვოს.
"ძალიან ადეკვატურია იმის თქმა, რომ დაველოდოთ გამოძიებას იმიტომ, რომ პირველ რიგში, დადგინდეს ავთენტურობა. დღეს არის რეალურად იმის საშუალება, ეს მასალა გამოყენებული იქნას სხვადასხვა მიზნებისთვის, სხვადასხვა სპეკულაციებისთვის...
იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, ბოლო პერიოდი განსაკუთრებით, თუ რამე ხდება, პირველი, რაც არის, თანამდებობის დატოვების მოთხოვნა არის. არ შეიძლება, ყველაფერზე იყოს პირველი რეაქცია - დატოვოს თანამდებობა. ჯერ არც ვიცით, რეალობა რაში მდგომარეობს", - თქვა კუჭავამ.
ამ საკითხს ჩანაწერების გავრცელების შემდეგ პირველად გამოეხმაურა სუს-ის ხელმძღვანელიც. მისი თქმით, ის გამოძიებას ჯერ არ დაუბარებია და თანამდებობიდან გადადგომასაც არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიიღო ვებსაიტის ბმული, სათაურით „სუს–ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ“, სადაც განთავსებული იყო ათასობით ტექსტური, ვიდეო და აუდიოფაილი. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი სასულიერო პირებს ეხებოდა, ნაწილი კი მათ შორის, დიპლომატებს, საელჩოების თანამშრომლებს.
14 სექტემბერს, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით - კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა.
მასალების ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში დადასტურდება ისიც, რომ ქვეყანაში ტოტალური მიყურადება მიმდინარეობს.
იხილეთ ასევე: ირაკლი ღარიბაშვილი: "დიახაც, ვაწარმოებთ მოსმენებს, ოღონდ კანონის ფარგლებში"


