
ლუგანსკის დე ფაქტო პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრა
05/10/2021 14:51:11 პოლიტიკა, სამართალი
ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
«აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილის მიმართ, რომელიც, პასპორტის თანახმად, უკრაინის მოქალაქობას ფლობს… საქმე აღძრულია სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლების სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის, ასევე წინასწარი განზრახვით, პოლიტიკური ან იდეოლოგიური შუღლის მოტივით პირთა ჯგუფის მიერ საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი ხერხით ორი ან მეტი პირის მკვლელობის მუხლებით», – ნათქვამია დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ლუგანსკში ირწმუნებიან, 2013 წლის ბოლოს სააკაშვილის მიწვევით საქართველოდან კიდევში სნაიპერების ჯგუფი იყო ჩასული, რომელიც 2014 წლის თებერვლის ბოლოს მომიტინგეებისა და სამართალდამცველების მისამართით სროლას აწარმოებდა.
«ცნობილია, რომ 20 თებერვალს სროლის შედეგად კიევის "მაიდანზე" 78 რიგითი მოქალაქე და 13 სამართალდამცველი დაიღუპა" - განმარტავენ დე ფაქტო პროკურატურაში და დასძენენ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით "ბელორუს და ქართველ კოლეგებს დახმარების თხოვნით მიმართეს".