
მეტრეველი და გოჩაშვილი ქართულ მხარეს გადმოსცეს
06/10/2021 18:06:12 კონფლიქტები
ოკუპანტების მიერ 4 ოქტომბერს გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე, რომან გოჩაშვილი და გოჩა მეტრეველი გაათავისუფლეს,– იუწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
„საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების მიზნით, მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ გამოყენებით და ასევე პროცესში ჩართულნი იყვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძნობს მუშაობას უკანონოდ დაკავებული სხვა პირების გასათავისუფლებლად“, – აცხადებენ სუს–ში.
კარალეთის დევნილთა დასახლების მცხოვრებლები - ნიკოლოზ ფეხშველაშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, რომან გოჩაშვილი და გოგა მეტრეველი 4 ოქტომბრის საღამოს, სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, მდინარე ლიახვის სანაპიროზე იმყოფებოდნენ. ოთხივე დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილია. მცირე მანძილის გავლის შემდეგ მათ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შენიშნეს. გიორგი ჯავახიშვილმა ერგნეთის მიმართულებით გაქცევა მოახერხა, ნიკოლოზ ფეხშველაშვილიც გაიქცა, მაგრამ 10 -12 მეტრის სიმაღლის თხრილში ჩავარდა და დაშავდა. რომან გოჩაშვილი და გოჩა მეტრეველი კი გაიტაცეს.
იხილეთ ასევე:ოკუპანტების მიერ დაკავების მცდელობისას დაშავებული მამაკაცი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს