
სააკაშვილის უკრაინიდან გასვლასთან დაკავშირებით რამდენიმე უკრაინელ ჩინოსანს სამსახურებრივი უფლებამოსიფლება შეუჩერდა
07/10/2021 10:08:55 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გასვლის ფაქტთან დაკავშირებით უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო უწყებაში სამსახურებრივი შემოწმება ტარდება, რამდენიმე ჩინოსანს უფლებამოსილება შეუჩერდა.
«უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის სიტუაციასთან დაკავშირებით უწყებაში მართლაც ტარდება შიდა შემოწმება, სწავლობენ ქვეყნიდან მისი გასვლის ფაქტსა და გარემოებებს. დეტალურად მოწმდება, როგორ და რა ვითარებაში გადაკვეთა მან უკრაინის საზღვარი», – განაცხადა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრეს-სპიკერმა დემჩენკომ და იქვე დასძინა, რომ სამხრეთ რეგიონული სასაზღვრო სამმართველოს რამდენიმე ჩინოსანს სამსახურებრივი შემოწმების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდა.
"აქცენტი" «Цензор.НЕТ»-ზე დაყრდნობით უკვე წერდა, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, სასაზღვრო ბაზაში სააკაშვილის უკრაინიდან გასვლის ფაქტი აღრიცხული არ არის.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის თავმდჯომარე მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩამოვიდა. იგი არჩევნების წინა დღეს - 1 ოქტომბერს დააკავეს.