
თბილისის მიერ უარით გასტუმრებულმა ჩეჩენმა ბლოგერმა თავშესაფარი შვედეთში მიიღო
08/10/2021 13:58:12 კავკასია
თბილისის მიერ უარით გასტუმრებულმა ჩეჩენმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა ტუმსო აბდურახმანოვმა თავშესაფარი შვედეთში მიიღო.
ბლოგერი ამ გადაწყვეტილებას 6 წლის განმავლობაში ელოდა. შვედეთში ჩასვლამდე მას პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პოლონეთმა და გერმანიამაც უარი განუცხადეს, რასაც თავად აბდურახმანოვი ამ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ქმედებებს უკავშირებს.
თავის ვიდეობლოგებში აბდურახმანოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზან კადიროვის ხელისუფლების დანაშაულებზე ყვება. ეს კრიტიკა 2020 წელს მასზე თავდასხმის მიზეზად იქცა: ბლოგერს საკუთარ ბინაში დაესხნენ თავს და თავში ჩაქუჩი ჩაარტყეს, თუმცა აბდურახმანოვმა თავდამსხმელის ნეიტრალიზება მოახერხა. გაირკვა, რომ თავდასხმა კადიროვის დაკვეთით იყო ორგანიზებული და რუსეთის ორი მოქალაქის მიერ იყო განხორციელებული, რაც 2021 წლის იანვარში თავისი განაჩენით ჩვედეთის სასამართლომაც დაადასტურა.
ამ განაჩენს მოსდევდა წარუმატებელი თავდასხმა ბლოგერის ძმაზე - უფლებადამცველ მუჰამად აბდურახმანოვზე, რომლის მონაცემებით, ორგანიზატორი კადიროვის ბიძაშვილი ფარუდი ედელგერიევი იყო.
პერიოდულად ხორციელდება ზეწოლა აბდურახმანოვის ჩეჩნეთში დარჩენილ ნათესავებსა და ახლობლებზეც.
შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთიდან გამოქცეულ ახალგაზრდა ბიზნესმენ ტუმსო აბდურახმანოვს საქართველომ თავშესაფარზე უარი უთხრა.