
ევროკავშირის წარმომადგენლობა აგვისტოს ომის მე–11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
07/08/2019 14:06:04 კონფლიქტები, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მე–11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„11 წელი გავიდა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის და 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით არა მხოლოდ შეინარჩუნა, არამედ გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში.
კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური ადამიანის უფლებები კვლავაც ირღვევა, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გზით ე.წ. „ბორდერიზაციის“, გადაკვეთის პუნქტების დროებითი დახურვისა და უკანონო დაკავებების საშუალებით, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების დარღვევის მეშვეობით.
საქართველოში მომხდარმა კონფლიქტებმა ათასობით ადამიანის იძულებით გადაადგილება და ცხოვრებისეული ტრავმა გამოიწვია. ეს მემკვიდრეობა თაობებზე ზემოქმედებას დღესაც ახდენს. ევროკავშირი მიესალმება და მხარს უჭერს ჰუმანიტარული და უსაფრთხოების საკითხების გადაჭრაზე მიმართულ ყველა მხარის გულწრფელ და აპოლიტიკურ მცდელობებს.
1990-იანი წლებიდან ევროკავშირი საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას ცდილობდა. ეს ძალისხმევა არსებითად გაიზარდა 11 წლის წინ და დღემდე გრძელდება. ევროკავშირი გააგრძელებს ამ ძალისხმევას, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში ჩართულობის და ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის საშუალებით. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც წარმომადგენლობაში აცხადებენ, ხსენებული განცხადება ქვეყნდება საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით.
ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.
2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.
რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.
2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.