
თურქეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქე შესაძლოა, საქართველოში გასამართლებულ გუციევთან იყოს დაკავშირებული
11/10/2021 10:53:33 სამართალი
თურქეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქე შესაძლოა, საქართველოში გასამართლებულ გუციევთან იყოს დაკავშირებული
როგოც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ სტამბოლის პოლიციამ თურქეთის ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის თანამშრომლებთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად რუსეთის 6 მოქალაქე დააკავა, რომლებიც, მათი მონაცემებით, ჯაშუშურ საქმიანობას ახორციელებდნენ და ამასთანავე, თურქეთში უცხოელებზე გეგმავდნენ თავდასხმებს. РИА Новости-ს ინფორმაციით, ექვსივე დაკავებული ეროვნებით ჩეჩენია.
მანამდე თურქეთის ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაკავებულთაგან ერთი შეკვეთილ მკვლელობებთან იყო დაკავშირებული. როგორც Кавказ.Реалии-ს ჩეჩენმა ოპოზიციონერმა ბლოგერმა ხასან ხალითოვმა უამბო, დაკავებულს ბესლანი ჰქვია, აქვს მეორე სახელიც - იზნაური და ცოტა ხნის წინ მის შესახებ ადგილობრივ ჩეჩნურ ტელეგრამ-არხ Security Turkey-ში წერდნენ. ამასთან, როგორც ხალითოვმა აღნიშნა, ბესლანი მას საქართველოში შეკვეთილი მკვლელობის მზადებისთვის დაკავებულმა ვასამბეკ ბოკოვმა გააცნო.
«ბოკოვმა [ნამდვილი სახელ-გვარი - მაგომედ გუციევი – რედ.] რამადანის თვეში სახლში მიმიწვია და იქ ვიდეოკავშირის მეშვეობით ბესლანი გამაცნო. გამიკვირდა, როცა ბესლანმა დაიწყო კვეხნა, "პატრიოტს" [ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი აბუზაიდ ვისმურადოვი - რედ.] ვიცნობო», – აღნიშნა ჩეჩენმა ოპოზიციონერმა.
ხალითოვის მტკიცებით, თურქეთში დაკავებული ბესლანი ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული და სტამბოლში ხალხს ფულს სთავაზობდა ჩეჩენ ოპოზიციონერთა შესახებ მონაცემების მიწოდებაში.
ამ ინფორმაციას სტამბოლის ჩეჩნურ დიასპორასთან დაკავშირებული სხვა წყაროებიც ადასტურებენ.
გარდა ამისა, ხალითოვის მტკიცებით, მას აცნობეს, რომ სავარაუდო ქილერს მის მკვლელობაში 300 000 აშშ დოლარი შესთავაზეს.
ბლოგერი სამართალდამცველ ორგანოებთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
თავად თურქეთის სამართალდამცველ ორგანოებს ჯერ-ჯერობით ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის: 2020 წლის ზაფხულში ქართულ ოპოზიციურ ტელეარხ "მთავარის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის მზადების შესახებ იუწყებოდა და ირწმუნებოდა, რომ ქილერი - ვინმე ვასამბეკ ბოკოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის - რამზან კადიროვის დაკვეთით მოქმედებდა, რომელსაც სურდა, გაბუნიასთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ეძია შური.
პრაქტიკულად იმავდროულად სუს-მა გააკეთა განცხადება რუსეთის მოქალაქე ბოკოვის დაკავების შესახებ, რომელიც საქართველოში ყალბი საბუთების გამოყენებით იყო შემოსული და მისი ნამდვილი სახელ-გვარი მაგომედ გუციევია. გამოძიების მონაცემებით, 2020 წლის 11 თებერვლიდან 13 ივნისის ჩათვლით გუციევი გაბუნიას უთვალთვალებდა და მის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა.
მიმდინარე წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ გუციევს 4-წლიანი პატმრობა მიუსაჯა.