
რუსეთიდან საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს
11/10/2021 13:52:42 პოლიტიკა, სამართალი
რუსეთის მილიციის თანამშრომლებმა დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც დეპორტაციის წინ ვნუკოვოს აეროპორტიდან ბადრაგს გაექცა და მიმალვაში იყო.
როგორც რუსეთის შსს-ს ცენტრალური ოლქის პრეს-სამსახურში განმარტავენ, ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქე უკვე დეპორტირებულია, თუმცა რომელ ქვეყანაში - არ ზუსტდება.
- ცნობისთვის: რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ამ დროისთვის არ წარმოებს.
შსს-ს ცნობით, 30 სექტემბერს საქართველოს მოქალაქე დეპორტაციისთვის თავის არიდების მიზნით თანმხლებ ბადრაგს გაექცა, აეროპორტის შენობის სიახლოვეს მდგომ ავტომანქანაში ჩაჯდა და მიიმალა. ამასთან, მანქანამ რამდენიმე მეტრის მანძილზე ათრია მილიციის თანამშრომელი, რომელიც გაქცეულის შეჩერებას ცდილობდა და ავტომობილს შეახტა. ამ უკანასკნელს შემდგომში სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
მომხდართან დაკავშირებით რუსეთში "ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალის გამოყენების" მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.