
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: "საერთაშორისო სამართალი უნდა იყოს შესრულებული!”
08/08/2019 07:48:51 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და საერთაშორისო საზოგადოებას სეახსენებს, რომ რუსეთი დღემდე არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს:
“დღევანდელ დღეს, 11 წლის წინ, რუსეთმა, საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო. მიუხედავად 2008 წლის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, რუსეთმა კიდევ უფრო მეტი სამხედრო შეიყვანა ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და კვლავ მძიმედ არღვევს ადამიანთა უფლებებს. საერთაშორისო სამართალი უნდა იყოს შესრულებული!”.
ცნობისთვის: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა.
2008 წელს აგვისტოს დასაწყისში გორის მუნიციპალიტეტში ვითარება დაიძაბა, რომელიც 7 აგვისტოს გამწვავდა, რასაც ხუთდღიანი შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა.
რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განლაგებულ სამხედრო ბაზასა და აეროპორტზე, ორჯერ დიბომბა გორი, მათ შორის გორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსულმა ავიაციამ თბილისის ვაზიანის სამხედრო ბაზა, საავიაციო ქარხანა, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზებიც დაბომბა.
2008 წლის ჯერ კიდევ 5 აგვისტოს როკის გვირაბის ჩრდილოეთით, რუსეთის მხარეს სამხედრო მძიმე ტექნიკის ათასობით ერთეული და ათასობით ჯარისკაცი იყო მობილიზებული და საქართველოში შემოსვლას ელოდებოდა. მათ ნაწილს კი გვირაბი უკვე გადმოკვეთილი ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, კრემლი დღესაც ამტკიცებს, რომ 8 აგვისტოს იძულებული გახდა ცხინვალის მოსახლეობა ქართველებისგან დაეცვა. 5–დღიანი ომის შედეგად საქართველოს 100 000–ზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა 1800-მდე ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.