რუსეთი საქართველოს სოხუმსა და ცხინვალთან "საზღვრების" დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის დაწყებას სთავაზობს

13-10-2021 20:20:55 კონფლიქტები ,საგარეო პოლიტიკა

მოსკოვი თბილისს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებთან "საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას" სთავაზობს "მათი შემდგომი დემარკაციით". ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდის შედეგების შემაჯამებელ განცხადებაშია ნათქვამი.

რუსული მხარის ხედვით, ამან, ისევე, როგორც ერთის მხრივ - თბილისს, ხოლო მეორეს მხრივ სოხუმსა და ცხინვალს შორის ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმებების გაფორმებამ, "სამხრეთ კავკასიაში მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფას" უნდა შეუწყოს ხელი, რაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის "მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს": „აღნიშნული სტრატეგიული მიზნის მისაღწევად აუცილებელია ფოკუსირება მუშაობაზე ერთის მხრივ - საქართველოს, ხოლო მეორეს მხრივ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთახმებების გასაფორმებლად".

ამასთან, მოსკოვის მტკიცებით, "აღნიშნული ამოცანის იმპერატიულობა იზრდება დასავლეთის აქტიური ძალისხმების ფონზე, თბილისი ნატო-ში ჩაითრიოს", რაზეც, რუსული მხარის ხედვით, მეტყველებს "უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე რეგულარული სამხედრო წვრთნები".

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა ასევე „საქართველოს დესტრუქციული ხაზის კონტრპროდუქტიულობაზე“:

„კონფრონტაციული პოზიციის დაკავებითა და სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში, რომლებშიც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წარმოდგენილები არ არიან, ტენდეცნიური დოკუმენტების გატანით ქართული მხარე თავად ბლოკავს ჟენევის პლატფორმაზე გარკვეული საკითხების განხილვას. საუბარია, უპირველეს ყოვლისა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ რეალობას მოწყვეტილ რეზოლუციებზე, რომლებსაც თბილისი ყოველწლიურად წარუდგენს გაერო-ს გენერალურ ასამბლეას განსახილველად. საერთაშორისო საზოგადოებისთვის საკუთარი ცალმხრივი და უკიდურესად პოლიტიზებული თვალსაზრისის თავს მოხვევა გაერო-ს ტრიბუნიდან, რომელზე წვდომაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს კვლავინდებურად არ აქვთ, შეუძლებელს ხდის მოცემულ საკითხზე დიალოგს ჟენევის დისკუსიების ფორმატში“.

მოსკოვის ცნობით, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 2021 წლის დეკემბერში გაიმართება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები