ბათუმის მერიამ აჭარის მთავრობას 26 მაისის ქუჩაზე სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის 61 ბინა გადასცა

14-10-2021 12:46:54 საზოგადოება

ბათუმის მერიამ აჭარის მთავრობას 26 მაისის ქუჩაზე სახლის ნგრევის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის 61 ბინა გადასცა. საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.

ბინები ფიროსმანის, შარტავას და აღმაშენებლის ქუჩებზე მდებარეობს. დათანხმდებიან თუ არა დაზარალებულები ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან გადასვლას, უცნობია. ბათუმის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსის, დავით კოპინაძის განცხადებით, ჯერ ყველაფერი მოლაპარაკების საგანია, მერიის პარალელურად დაზარალებულებს ფართებს აჭარის მთავრობაც შესთავაზებს, საუბარია ასევე ფინანსურ კომპენსაციებზეც.

„რა თქმა უნდა გათვალისწინებული იქნება ბინების ფართობები, ასევე მდებარეობაც. 61 ბინა გადასცა მერიამ დღეს საკუთრებაში აჭარის მთავრობას“, – განაცხადა დავით კოპინაძემ.

ბათუმში დემონტაჟი ჩაუტარდება იმ კორპუსს, სადაც სადარბაზო ჩამოიშალა. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები