
კიდევ ერთი რუსული ნარატივი გაბათილდა, თუმცა ნიადაგს სინჯავს მეორე
15/10/2021 13:13:57 ანალიზი, ეს საინტერესოა
ორიოდ დღის წინ კიდევ ერთ რუსულ ნარატივს გამოეცალა საბოლოოდ საფუძველი, რომელიც მიუხედავად თავისი უსაფუძვლობისა, პერიოდულად მაინც ახერხებდა ქართული საზოგადოების ნაწილში მღელვარების დათესვას. საუბარია ყარსის რეალურად უვადო ხელშეკრულებაზე. მას 2021 წლის 13 ოქტომბერს 100 წელი შეუსრულდა. როგორც ანტითურქული განწყობების მობილიზებით დაკავებულნი გვარწმუნებდნენ, ხელშეკრულებას ვადა ეწურებოდა, რაც თურქეთის მიერ ბათუმის მითვისების საფუძველს ქმნიდა. მაგრამ როგორც რეალობა და საღი აზრი გვკარნახობდა, ბათუმი კვლავაც საქართველოს განუყოფელ ნაწილად რჩება.
„ყარსის ხელშეკრულებაზე ატეხილი აჟიოტაჟი კლასიკური მაგალითია რუსული ნარატივისა, რომელიც ძირითადად ტყუილსა და ფაქტების ფალსიფიცირებაზეა დაფუძნებული: ხელშეკრულებას 100 წელი შეუსრულდა, თურქეთის ჯარი კი ბათუმში არ შემოსულა, შესაბამისად, გაქარწყლდა ეს მითიც. მაგრამ სამწუხაროდ, ვინც ამ თემით სპეკულირებდა, ბოდიშიც არ მოუხდია. მეტიც, მაღალი ალბათობით, კვლავაც განაგრძობენ მსგავსი სიცრუის ტირაჟირებას, ახალი თემების მოძიებას პოლიტიკური ქულების ჩაწერის და ქართულ საზოგადოებაში ანტითურქული, ანტიდასავლური განწყობების გაღვივების მიზნით. სამწუხაროდ, მათ ეს რიგ შემთხვევაში ეს გამოსდით, რადგან პასუხი არ ერთ შემთხვევაში არ უგიათ. ასევე სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას, რომ მსგავსი სახის დეზინფორმაციისთვის ჩვენთან ნოყიერი ნიადაგია, რასაც უპირველესად განათლების დაბალი დონე განაპირობებს“,– აღნიშნავს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილი.
სწორედ ერთ–ერთ მსგავს ახალ ნარატივად განიხილება ჯერ არარსებულ ფორმატში საქართველოს ჩართულობის შესაძლებლობა. ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შემოგვთავაზა "გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში რაღაც ფორმით“ ჩართულობის თაობაზე მსჯელობა, შემდეგ კი რიგი ექსპერტების მხრიდან ფორსირებულად ხდება არახალი, მაგრამ პერიოდულად გააქტიურებული ანტიდასავლური იდეის საქართველოსათვის უნიკალურ შესაძლებლობად შემოთავაზება. მას მხარდამჭერები საქართველოს პარლამენტშიც გამოუჩნდნენ.
საუბარია „ექვსწევროვან ფორმატზე“ (3+3 – რუსეთი, თურქეთი, ირანი, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი), რომელიც თავისი არსით, რეგიონის დასავლეთისგან იზოლირებას ისახავს მიზნად, მასში მხარდამჭერი, ძლიერი პარტნიორების გარეშე ჩართულობა კი საქართველოს ოკუპანტ სახელმწიფოსთან გრძელვადიან „თანამშრომლობას“ და გავლენის ობიექტად ქცევას უქადის.
„ვინც ხსენებული ფორმატის საქართველოზე შესაძლო უარყოფით გავლენას ვერ ხედავს, ან რუსეთისგან ფინანსდება, ან გულუბრყვილო და პოლიტიკური ანბანის უცოდინარია. მაგრამ არც ერთი არ ამარტივებს მდგომარეობას“,– ამბობს „აქცენტთან“ ბატიაშვილი და იქვე დასძენს, რომ მართალია ხსენებული ფორმატის შექმნის საჭიროება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გაჟღერდა, თუმცა მათ შორის, ანკარაშიც აცნობიერებენ, რომ ეს რეალურად რუსული იდეაა – სურვილი, შეიქმნას ანტიდასავლური კოალიცია:
„რეგიონის სამივე დიდი ქვეყანა: რუსეთი, ირანი, თურქეთი, დასავლეთის მხრიდან სანქცირებულნი არიან. მართალია, ირანი – მეტად, რუსეთი – საშუალოდ, თურქეთი –სიმბოლურად, მაგრამ ჯამური სურაი ამგვარია – დასავლეთი ამ ქვეყნების წინააღმდეგ სანქციებს იყენებს. ხსენებული იდეა ანტიდასავლური კოალიციის შეკვრის და მასში კავკასიის სამი ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ჩათრევის მცდელობაა.
თუ რატომ „შემოაგდო“ საქართველოს ხელისუფლებამ ეს თემა სამსჯელოდ, ნათელია: მათ შორის, მედიაზე მიტანილი შტურმით, ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხით შესამჩნევია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია დასავლური განვითარების გზას, მაგრამ საქართველო არაა ჩინეთის დონის ქვეყანა, დამოუკიდებლად შეძლოს რომელიმე დიდი აქტორის გარეშე წონასწორობის შენარჩუნება. ამიტომ, ბუნებრივია, იხრება რუსეთისკენ“, – ამბობს ანალიტიკოსი და ერთადერთ თანმდევ პოზიტიურ მოვლენად საზოგადოების ნაწილის ხისტ რეაქციას განიხილავს, რის შემდეგაც საქართველოს საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ მინისტრის განცხადების არასწორ ფორმულირებაში მედიას დასდო ბრალი:
„ეს ნარატივი ცალსახად ანტიდასავლური, ანტიქართულია და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ამ ფორმულის შემთხვევაში საქართველოს ოკუპანტ ქვეყანასთან გრძელვადიანად თანამშრომლობა წევს, რაც ფაქტობრივად ოკუპაციაზე თანხმობას გულისხმობს. ამავდროულად, ეს არის რუსეთთან ერთი ერთზე – მარტოდ დარჩენა გაერთიანებაში, რომელშიც ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იქნებიან ჩართულნი და უნდა ვაცნობიერებდეთ, მსგავს მდგომარეობაში ამოჩენა რამდენად კაპიტულანტურია ჩვენთვის“.
რაც შეეხება საქართველოს საქართველოს რეგიონულ პროექტებში ჩართულობასა და თანამშრომლობას, ანალიტიკოსი უკვე არსებულ და ფუნქციურ ფორმატს გვახსენებს:
„თურქეთთან და აზერბაიჯანთან სამმხრივ ფორმატში ვთანამშრომლობთ და ეს შესანიშნავი პლატფორმაა: ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ერთობლივ წვრთნებს, მინისტერიალებს ვატარებთ, თურქეთი საქართველოს #1 სავაჭრო პარტნიორია, აზერბაიჯანი – #1 ინვესტორი, ბევრი საერთო პროექტი გვაქვს, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ნატო–ში გაწევრიანებას, აზერბაიჯანი ენერგომატარებლების მოწოდების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პარტნიორია, ორივე ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, კარგი ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან და ირანთანაც. ამ პროცესში რუსეთის შემოყვანა, რაც გვაიძულებს, მასთან გრძელვადიანად ვითანამშრომლოთ, საქართველოს ეროვნულ ინტერესებში ცალსახად არ შედის! საქართველოს დამატებითი ფორმულები არ სჭირდება“.