ზალკალიანი – "ექვსთა პლატფორმაზე": "გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში რაღაც ფორმით მაინც უნდა ვიყოთ"

08-10-2021 17:44:50 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის დავით ზალკალიანის განცხადებით, 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობა ოკუპანტ ქვეყანასთან ძალიან გაჭირდება, თუმცა საქართველო ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში რაღაც ფორმით მაინც უნდა იყოს, რომ ქვეყანამ თავისი როლი და ფუნქცია არ დაკარგოს. ამის შესახებ ზალკალიანმა პირველ არხთან განაცხადა.

„რა თქმა უნდა, იმ პირობებში, როცა ვერ ვხედავთ დეოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს, ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე და ისაუბრო რაღაც სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. თუმცა, მინდა, საზოგადოებას ფიქრისთვის მივაწოდო ასეთი პოზიცია – ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში და ურთიერთობებში ჩვენ რაღაც ფორმით მაინც უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერესების და ოკუპანტთან რაღაც დათმობის ხარჯზე. რა თქმა უნდა, „წითელი ხაზი“ არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. აუცილებელია, ჩვენ არ ჩამოვრჩეთ იმ პროცესებს, რაც რეგიონში ვითარდება და აუცილებლად ვიყოთ ყველა ახალ, თუნდაც, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც შეიძლება, აცდეს საქართველოს და ამით საქართველომ თავისი როლი და ფუნქცია დაკარგოს. ამიტომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტი პოზიცია გვქონდეს, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ დაზიანდეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა თემის კომენტირებისას.

8 ოქტომბერს თემის ირგვლივ კომენტარი პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმაც გააკეთა და კვლავ ფორმატში რუსეთის ჩართულობის მიუღებლობას გაუსვა ხაზი:

„ჩვენ პოზიცია არაერთხელ გავაჟღერეთ. საქართველო ვერ შეძლებს იმ ფორმატებში თანამშრომლობას, სადაც ჩართულია ოკუპანტი ქვეყანა. თუმცა სხვა პროექტებში და სხვა ინიციატივებში, რომლის მიზანიც იქნება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, შერჩევითი დამოკიდებულება გვექნება, სად შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ. თუმცა რუსეთთან ერთად საქართველო ვერ იქნება, გარდა უკვე არსებული ფორმატებისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას შეეხება. სხვა ფორმატებში მონაწილეობას ვერ მივიღებთ“.

ზალკალიანის განცხადებას საზოგადოების ნაწილის მხრიდან სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რასაც საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომმი განცხადებით გამოეხმაურა:

„სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში ცალკეული პირების მიერ ხორციელდება 2021 წლის 7 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გასული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუს არასწორი ინტერპრეტაცია. შეგნებულად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მინისტრმა დაადასტურა ე.წ. „3+3 ფორმატში“ საქართველოს მონაწილეობა".

დასტურად სტრატკომმი მინისტრის ინტერვიუს ამონარიდს გვთავაზობს: "იმ პირობებში, როცა ვერ ვხედავთ დეოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს, ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე და ისაუბრო რაღაც სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე.

წითელი ხაზი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“.

ცნობისთვის: გასული წლის დეკემბერში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში შესაძლებელია "ექვსთა პლატფორმის" (თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, საქართველ, სომხეთი) ჩამოყალიბება რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განსავითარებლად. ინიციატივას მაშინვე დაუჭირა მხარი აზერბაიჯანის ლიდერმა.

თბილისში ამ დრომდე აცხადებდნენ, რომ საქართველო რუსეთთან ერთობლივ ვერავითარ ფორმატში ვერ ჩაებმება, სანამ რუსეთს ქვეყნის ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. ქართულ ანალიტიკურ წრეებში მიიჩნევენ, რომ საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ჩათულობა ფორმატში, სადაც რუსეთს დომინანტი პოზიცია აქვს, მნიშვნელოვანი შეცდომა იქნება.

იხილეთ ასევე:

ახალი ამბები

სხვა სიახლეები