ექიმი: "სააკაშვილი თანახმაა კონსილიუმზე, ტესტებზე და წამლებზე"

15-10-2021 22:44:19 საზოგადოება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანახმაა ექიმებისგან შემდგარმა კონსილიუმმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკონტროლოს, გაიკეთოს ტესტები და მიიღოს წამლები. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ბოლო შეხვედრაზე რომ ვნახე, იმასთან შედარებით, უფრო უარესს ველოდი, როგორც ჩანს, ძლიერი ორგანიზმი აქვს. გადააჭარბა მოლოდინს. ველაპარაკე პრეზიდენტს და თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე. თანახმაა წამლებზე“, - განაცხადა ყიფშიძემ.

მისი თქმით, სააკაშვილი შიმშილობას არ წყვეტს:

"წყალს და ჩაის სვამს. განწყობა ძალიან მხნე აქვს. საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება არ არის, მაგრამ საუბედუროდ, ეს მომენტი დადგება. შიმშილობაზე ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად რეაგირებს, ინდივიდუალურია. ხვალ ვაპირებ კიდევ მოვიდე და ვნახო“.

სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები