რა (არ) თქვა ოსტინმა: თავდაცვის მდივნის ვიზიტის პრაქტიკული შედეგები

19-10-2021 17:44:01 ინტერვიუ

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა, რომელიც საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში სტუმრობდა, ქვეყანაში თავისი პირველი ვიზიტი დაასრულა და მნიშვნელოვან ინიციატივასთან ერთად, რამდენიმე ასევე მნიშვნელოვანი გზავნილი დატოვა:

  • საქართველო და აშშ იწყებენ “საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას” (GDDEI);
  • ამერიკელმა მინისტრმა მოსკოვს თბილისიდან 2008 წლის ომის შემდეგ დაკისრებული ვალდებულებები შეახსენა და არაერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ–ის მხარდაჭერას;
  • მინისტრმა ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული განვითარების აუცილებლობაზე;
  • ოსტინმა რეგიონს აშშ–ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უწოდა, ისაუბრა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და მკაფიო პოზიცია ჩამოაყალიბა „ექვსწევრვოან ფორმატთან“ მიმართებაში.

„ვიტყოდი, რომ ეს ვიზიტი წარმატებული იყო, შედეგები ხელშესახებია და ჩვენზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყენებთ“,– ამბობს „აქცენტთან“ თემის კომენტირებისას საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარი თენგიზ ფხალაძე.

რას გულისხმობს ახალი ინიციატივა

“საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა” არის უსაფრთხოების სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალი ინიციატივა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციას და განვითარებას.

ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის ცნობით, “საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა” იქნება უსაფრთხოების სფეროში ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიცია, რომელიც დაიწყება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულებისთანავე.

GDDEI შედგება ორი კომპონენტისგან:

  • ერთი ყურადღებას გაამახვილებს ორგანიზაციულ ცვლილებაზე თავდაცვის სექტორში ინსტიტუციური შესაძლებლობების ჩამოყალიბების კუთხით;
  • მეორე — მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას წვრთნებსა და კომბინირებულ სამხედრო ოპერაციებში ბრიგადების ჩართვით, რაც აუცილებელია ტერიტორიული თავდაცვისთვის.

“საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა” მიზნად ისახავს, შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ნატო-სთან თავსებადობას, ინსტიტუციურ რეფორმებსა და მოდერნიზაციას.

აშშ ასევე აანონსებს, რომ გააგრძელებს ერთობლივ სამხედრო სწავლებებს და საზღვაო ვიზიტებს.

ერთ–ერთ პრაქტიკულ და მნიშვნელოვან შედეგად თენგიზ ფხალაძე სწორედ აღნიშნულ მემორანდუმს ასახელებს და დარწმუნებულია, რომ „ის მაქსიმალურად შეუწყობს ხელს არა მხოლოდ საქართველო–ამერიკის თანამშრომლობას, არამედ საქართველოს ნატო–ში შემდგომ ინტეგრაციას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რაც მთავარი ამოცანაა საქართველოსთვის, მის წინაშე არსებული ყველა საფრთხისა და გამოწვევის გათვალისწინებით“.

ამასთან, ფხალაძე ელის, რომ ოსტინის ვიზიტის შედეგებს ქართული საზოგადოება მას შემდეგაც იხილავს, როდესაც ოსტინი ევროპულ ტურნეს ბრიუსელში დაასრულებს, სადაც მას თავის ნატოელ კოლეგებთან აქვს დაგეგმილი შეხვედრა:

„დარწმუნებული ვარ, ამ შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოების თემა სერიოზულად წამოიწევს წინა პლანზე და ხაზგასმული იქნება მისი მნიშვნელობა“.

არის კი ინიციატივა თანაწონადი საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების?

„იმ ვითარების თანაწონადი, რომელშიც ვიმყოფებით, ერთადერთია – საქართველოს ნატო–ში გაწევრიანება, ან შესაძლოა, პირობითი ალტერნატივა იყოს, საქართველოს–აშშ–ს შორის იმ ტიპის შეთანხმების მიღწევა, რომელიც სადღეისოდ აშშ–ისრაელს აქვთ. ჩვენ ამჟამად ამგვარი შედეგი არ გვაქვს, მაგრამ GDDEI მის მისაღწევად კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და სწორად უნდა გამოვიყენოთ. თავდაცვის მდივანმაც ვრცლად ისაუბრა ამ საკითხზე, ხაზი გაუსვა რა არა მხოლოდ თავდაცვითი და შეიარაღებული ძალების კომპონენტს, არამედ, მათ შორის, ისაუბრა დემოკრატიის კონტექსტში ქვეყნის წინსვლის აუცილებლობაზე“,– ამგვარად პასუხობს კითხვას ანალიტიკოსი.

რა (არ) თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა

აშშ–ის თავდაცვის მინისტრმა არ უპასუხა ამერიკელი ჟურნალისტის შეკითხვას, უკავშირდება თუ არა მისი ვიზიტი რეგიონში მომატებულ საფრთხეს და რა გზავნილია ეს რუსეთისთვის? თუმცა არაერთგზის აღნიშნა, რომ აშშ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თქვა ისიც, რომ რეგიონი კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ–ისთვის, რუსეთს შეახსენა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა და მკაფიო პოზიცია ჩამოაყალიბა „3+3“ ფორმატთან მიმართებაში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ამასწინანდელი კომენტარით გაჩენილი შეშფოთებისა და ეჭვების ფონზე.

ინფორმაციისთვის: „3+3“ (იგივე „ექვსწევროვანი“ – საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რუსეთი, ირანი) ფორმატი, როგორც დაანონსდა, რეგიონის კონფლიქტების გადაჭრაზე, ეკონომიკური კავშირების გახსნასა და განვითარებაზე უნდა ორიენტირდეს. თუმცა, როგორც არაერი ექსპერტი თვლის, ის რეალურად, რეგიონის დასავლეთისგან, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორებისგან „ჩაკეტვას“ ისახავს მიზნად და საქართველოს მარტოდ დატოვებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან პირისპირ.

ანალიტიკოსის დაკვირვებით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი საქართველოზე პარტნიორებისგან წნეხის გაზრდას მაქსიმალურად ცდილობს, სტრატეგიული პარტნიორისგან „შემოხიდება“ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს მხარდაჭერა მივიღეთ:

„მნიშვნელოვანი იყო ის, რაც მკაფიოდ თქვა და ისიც, რაც ბოლომდე არ უთქვამს: ვიზიტი განხორციელდა იმ ფონზე, როდესაც ჩვენს რეგიონში „ტემპერატურა“ საკმაოდ მაღალია, როდესაც რუსეთი რეგიონში სერიოზულად ძლიერდება. ამ ვითარებაში საქართველოს დაცულობაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე დროული და მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი გზავნილები. იმავდროულად, ძალიან საგულისხმოა „3+3“–თან დაკავშირებული მკაფიო გზავნილი: რომ ვიდრე რუსეთი ახალ ფორმატებზე დაიწყებს საუბარს, უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი ჯარები. თეორიულად, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, ვისაუბროთ სხვა საკითხებზე. განვმეორდები, ეს იყო დროული, სწორი, არაორაზნოვანი, მკაფიო გზავნილი, რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა“.

მნიშვნელოვანი გარემოება: ცნობილია, რომ ხსენებული ფორმატის საჭიროების შესახებ თურქეთის პრეზიდენტის მიერ გაჟღერდა, თუმცა აშშ–ის თავდაცვის მინისტრმა სწორედ რომ რუსეთზე გაამახვილა ყურადღება.

„სწორედ ეს დეტალია მნიშვნელოვანი: ერთია, ვისგან მოდის ინიციატივა და მეორე, რეალურად ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ჩვენ კი გვესმის, რომ ფორმატი ყველაზე მეტად სწორედ რუსეთს აძლევს ხელს. ამდენად, ამ გარემოებების გათვალისწინებითაა მნიშვნელოვანი აშშ–ის თავდაცვის მინისტრის გზავნილი, რომ საქართველომ თავი მარტოდ, ძლიერი მხარდაჭერის გარეშე არ იგრძნოს და ჩვენ ეს მხარდაჭერა ოსტინის მკაფიო განცხადების სახით მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, ეს თემა მხოლოდ განცხადებით არ უნდა შემოიფარგლოს: მას სხვა ქმედითი ნაბიჯები უნდა მოჰყვეს. ერთ–ერთი მსგავსი ნაბიჯია თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული შეთანხმება. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, გადაიდგმება სხვა ნაბიჯებიც, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ჩვენს ჩართულობას გააძლიერებს“,– დასძენს ანალიტიკოსი.

შავი ზღვის უსაფრთხოება

რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, რუსეთმა მნიშვნელოვნად შეცვალა სამხედრო ძალთა ბალანსი შავ ზღვაში, რაც ნატო–ს შეშფოთებას იწვევს. ამასთან, ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ, კიდევ უფრო ძლიერდება კრემლის გავლენა კავკასიის რეგიონში. ამ ფონზე საქართველოსთვის კიდევ უფრო სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს ცივილიზებული სამყაროს ინტერესი რეგიონის მიმართ და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ქვეყნის სრულფასოვანი ჩართულობა, მისთვის ფუნქციური როლის გამოკვეთა. სწორედ ხსენებული გარემოების გათვალისწინებითაც ფასდებოდა მნიშვნელოვნად აშშ–ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი: როგორც უკვე აღინიშნა, ის ტურნეს ნატოელ კოლეგებთან შეხვედრით ასრულებს და არის მოლოდინი, რომ განხილვის ერთ–ერთი მთავარი თემა საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, მით უფრო, რომ ნატომ უკვე მომავალ წელს უნდა დაამტკიცოს საკუთარი 10–წლიანი სტრატეგია.

„საქართველოს მართლაც უნიკალური როლი აქვს, რომლის შესრულებაც მხოლოდ მას შეუძლია მისი მდებარეობიდან გამომდინარე: შავი ზღვის უსაფრთხოება ევროატლანტიკურ სივრცეს საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ესაჭიროება, ევროპა – აზიის დამაკავშირებელი დერეფნის უსაფრთხოება კი საქართველოს უსაფრთხობის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ამ დერეფანს ემუქრება რუსეთი.

დემოკრატიული, განვითარებული საქართველო მიიღებს მეტ დაცულობას, შესაბამისად, უფრო ძლიერ როლს საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში და სწორედ ეს იყო თავდაცვის მდივნის გზავნილი“,– დასძენს ანალიტიკოსი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები