22-10-2021 13:41:26 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმ ქალაქებში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურებია, ოპოზიციის კანდიდატებმა რომც გაიმარჯვონ, ცენტრალური ხელისუფლების გარეშე ვერაფერს გააკეთენ. ამის შესახებ მან სენაკში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"მე მინდა, სენაკელებს მივმართო - რა პერსპექტივა აქვს და რა უნდა გააკეთოს კობა ნაყოფიამ, მითუმეტეს ხელისუფლება ჩვენია, ცენტრალური მთავრობა ჩვენია. ჩვენს გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამს, თეორიულადაც ვამბობ, რომც არჩეულიყო. ჰიპოთეტურად ვამბობ, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში, სხვა კანდიდატი რომ გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვს უბრალოდ. ეს არის თავის მოტყუება, თავის დაჩაგვრა და თავის დასჯა გამოდის. მინდა სენაკელებს მივმართო თხოვნით - ძვირფასო სენაკელებო, ხმა უნდა მივცეთ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, იმიტომ, რომ სხვა შანსი, პერსპექტივა ამ ქვეყანას არ აქვს. მეორე მხარეს არის კაცი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია სენაკისთვის და ვერც გააკეთებს. ეს არის ტყუილი, დადის და ატყუებს მოსახლეობას. თუ რამის გაკეთება მას უნდოდა პირადად, ჰქონდა ამის შესაძლებლობაც და თუ რამის სურვილი ექნებოდა რეალურად, შეეძლო რაიმე გაეკეთებინა. სახლიც კი არ აქვს სენაკში და სენაკის მერობაზე აცხადებს პრეტენზიას. ამ დროს, მე გეტყვით სრული პასუხისმგებლობით, რომ მას აქვს გადაწყვეტილი ქვეყნის დატოვება და უკრაინაში გადასვლა არჩევნების დამთავრების შემდეგ, ვინაიდან იქ იწყებს მუშაობას ერთ-ერთ კერძო კომპანიაში. ამაზე გვაქვს საუბარი, ეს არის ფარსი და სიყალბე, რაც მომდინარეობს ამ მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის გუნდისგან და მისი წევრებისგან. თვითონ სააკაშვილის გუნდის წევრებიც კი გარბიან, იმიტომ, რომ მათი ეს ბელადი ციხეშია მოგეხსენებათ, დიდხანს იქნება ციხეში“, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.