22-10-2021 18:44:09 საშინაო პოლიტიკა ,ანალიზი
და აი, მოახლოვდა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურიც, რომლის შედეგებმა უნდა განსაზღვროს, მათ შორის, ისიც, მართვის რა სისტემას აირჩევს ხალხი ხუთ თვითმმართველ ქალაქში და შემდეგ დაჰყვებიან თუ არა მოქალაქეების მიერ გამოხატულ ნებას პოლიტიკოსები.
თბილისის მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა უკვე წარადგინა დედაქალაქის ალტერნატიული, ექვსპარტიული "ჩრდილოვანი" მთავრობა. ანალოგიური მექანიზმის გამოყენებას აანონსებენ დანარჩენ მუნიციპალიტეტში სხვა ოპოზიციური კანდიდატებიც. აი, მმართველი გუნდი კი კოალიციურ ფორმატში თანამშრომლობის არანაირ მიმღებლობას არ ამჟღავნებს, მიუხედავად იმისა, რომ რიგ მუნიციპალიტეტებში ამგვარი თანამშრომლობის აუცილებლობა უკვე ნათლადაა გამოკვეთილი.
მეტიც, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას "შეახსენა", რომ 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, თბილისის საკრებულოში, მაგალითად, სახელისუფლებო გუნდი უმრავლესობითაა წარმოდგენილი და შესაბამისად, ნიკა მელიას საკადრო ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას არ მისცემს. პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი უფრო შორს წავიდა თავისი სკანდალური განცხადებით, „ნებისმიერ მუნიციპალიტეტში სხვა კანდიდატი რომც გავიდეს, ცენტრალური მთავრობის გარეშე პერსპექტივა არ აქვსო".
„წარმოუდგენელი განცხადებაა ნორმალური ქვეყნისთვის!“,– ამბობს ღარიბაშვილის გზავნილის „აქცენტთან“ კომენტირებისას ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი.
მისი განმარტებით, თვითმმართველობა ხელისუფლების დამოუკიდებელი ორგანოა, კონსტიტუციის მიხედვით, ქვეყანა სუბსიდიარობის პრინციპზეა მოწყობილი და შესაბამისად, მიიღებს თუ არა მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებელ ფინანსურ სახსრებს - ეს ფორმალურად, არც ერთ შემთხვვაში არაა დამოკიდებული პრემიერ–მინისტრზე.
"ამ თანხების განაწილება ხდება გარკვეული ფორმულების მიხედვით, რომელიც ფინანსთა სამინისტროს აქვს შემუშავებული. მეეჭვება, ამაში ჩარევა ვინმემ გაბედოს, რადგან ეს ქვეყანაში ძალიან დიდ სკანდალს გამოიწვევს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დეცენტრალიზაცია არ მომხდარა, მუნიციპალიტეტებმა თანხები ხსენებული ფორმულის მიხედვით აუცილებლად უნდა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კანონის, კონსტიტუციის დარღვევა იქნება და სასამართლო დავის საგნად იქცევა" - ამბობს მელაშვილი.
იგი ხელისუფლებას საკრებულოს ერთ დიდ უფლებას შეახსენებს: თუ მთავრობის რომელიმე ნორმატიული აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიუციის იმ თავს, რომლითაც თვითმმართველობის უფლებებია გარანტირებული, მას შეუძლია, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს:
«ერთ–ერთი ასეთი უფლებაა სუბსიდიარობის პრინციპი. თუკი ამ პრინციპს მთავრობის გადაწყვეტილებები დაარღვევს (მაგალითად, არ მისცემს კუთვნილ ფინანსებს და ასე „დასჯის“), ეს სასამართლო დავის საგანი გახდება და ჩვენს სასამართლოშიც კი შეუძლებელი იქნება მთავრობის მიერ ამ დავის მოგება, რადგან არსებობს ძალიან მყარი სამართლებრივი საფუძველები“.
ამასთან, მელაშვილი მთავრობას 1998 წლის იმ მოვლენებსაც შეახსენებს, რომელსაც მაშინ სოციალური აფეთქება მოჰყვა:
„ვინც ამას აკეთებდა, საკუთარ თავს საბოტაჟს უწყობდა. 1998 წელს, როდესაც საქართველოში თვითმმართველობის პირველი არჩევნები ჩატარდა, ფინანსთა სამინისტრომ მოინდომა, მსგავსი ხერხისთვის მიემართა: მხოლოდ საკუთარი გუნდის წევრებს გამოუყვეს ფინანსები და ამას ქვეყანაში სოციალური აფეთქება მოჰყვა“.
რა ხდება მერის არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ამა თუ იმ ქალაქის მერმა საკრებულოს დასამტკიცებლად მერიის სტრუქტურა უნდა წარუდგინოს. შემდეგ იგი წარადგენს ვიცე–მერებსა და მოადგილეებს. იმ შემთხვევაში, თუ მათ საკრებულო არ დაამტკიცებს, მერი 10 დღეში იგივე პროცედურას იმეორებს. თუ საკრებულო კვლავ არ დაამტკიცებს წარდგენილ კანდიდატებს, მერი მოვალეობის დროებით შემსრულებლებს სამი თვის ვადით ნიშნავს, ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი კვლავ მიმართავს ხსენებულ პროცედურას და თუ ისევ ვერ შეძლო საკრებულოს წევრთა დარწმუნება, მხარი დაუჭირონ მის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, მერს შესაძლებლობა აქვს, კანდიდატები შეცვალოს, ან პოზიციები გადაუნაცვლოს.
აღწერილი მექანიზმის გამოყენება შესაძლებელია საარჩევნო ვადის ამოწურვამდე. თუმცა ამ ვითარებაში ცენტრალური საკითხი ქალაქის ბიუჯეტია: თუ საკრებულომ მერის მიერ წარდგენილი საბიუჯეტო პროექტი სამი თვის განმავლობაში არ დაამტკიცა, საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს უფლება აქვთ, მიმართონ პრეზიდენტს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი უფლებამოსილია, შემოიღოს პირდაპირი მმართველობა, დაითხოვოს საკრებულო, მერი და დანიშნოს არჩევნები კონკრეტულ მუნიციპალიტეტში.
„არ ვფიქრობ, რომ ეს მომგებიანი სცენარია საკრებულოსთვის, მმართველი პარტიისთვის, ან ოპოზიციისთვის“,– ამბობს თემის კომენტირებისას ექსპერტი.
კოალიცია თვითმმართველ ორგანოში: სარგებელი და რისკი
როგორც მელაშვილი განმარტავს, ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში თვითმმართველი ორგანოების დონეზე დაასრულოს მართვის 30–წლიანი მანკიერი პრაქტიკა (როდესაც არჩევნებში გამარჯვებული გუნდი იკავებს ყველა ფუნქციურ პოზიციას, ხოლო ოპოზიციას არ უტოვებს პოლიტიკურ ბერკეტს, გარდა ქუჩისა და შესაბამისად, ვიღებთ რყევების უწყვეტ ციკლს) და გადავიდეს მართვის ევროპულ მოდელზე, რომელშიც სხვადასხვა პარტიები საკრებულოებში საარჩევნო შედეგების მიხედვით ინაწილებენ პასუხისმგებლობას, ფუნქციურ თანამდებობას და ამ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
„2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგები იძლევა შესაძლებლობას, გადავიდეთ ახალ, სწორ, ცივილურ სისტემაზე, როდესაც პარტიები არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით ინაწილებენ პასუხისმგებლობას, ერთმანეთთან შედიან კონკურენციაში და ერთმანეთის განადგურების ეტაპიდან თანამრომლობის ეტაპზე ინაცვლებენ. იგივე საკრებულოში ერთ მიმართულებას ერთი პარტია ხელმძღვანელობს, მეორეს – მეორე, მიდის შეჯიბრი, ვინ უკეთ აკეთებს საქმეს, აკონტროლებენ ერთმანეთს. ჩნდება კონტროლის მექანიზმები, მათ შორის, ბიუჯეტის ხარჯვის, კორუფციის მიმართულებით, ხოლო ამომრჩეველს ეძლევა რეალური შესაძლებლობა, რეალური საქმიანობის მიხედვით შეაფასოს კონკურენციაში მყოფი ესა თუ ის პარტია. ვფიქრობ, სწორედ ესაა მოქალაქისთვის მომგებიანი. გარდა ამისა, პასუხისმგებლობის განაწილება ამცირებს პოლარიზაციის ხარისხს. ამდენად, თუ გვსურს მართვის ცივილურ მოდელზე გადასვლა, უნდა წავიდეთ პასუხისმგებლობის დანაწილების გზით“ – დარწმუნებულია ექსპერტი.
მელაშვილის ხედვით, ოპოზიციას დღესაც აქვს შესაძლებლობა, შექმნას ახალი პოლიტიკური რეალობა, იგივე ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის, ქუთაისის საკრებულოებში და აჩვენოს იმის მაგალითი, როგორ შეიძლება ძალაუფლების გადანაწილება:
„ყველა მუნიციპალიტეტში შეიძლება ამის გაკეთება, მთავარია, რა გზას აირჩევენ პოლიტიკოსები. ვფიქრობ, ხელისუფლებისთვისაც მომგებიანია მართვის ახალი მოდელი, რომელიც, როგორც მთელი ევროპის გამოცდილება გვიჩვენებს, ბევრად ეფექტურია, ვიდრე ის, რაც თავის დროზე, მათ შორის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შემოგვთავაზა: მაშინ მან ოპოზიციას სხვა გზა არ დაუტოვა, ქუჩის გარდა და მართალია, შვიდი წლის შემდეგ, მაგრამ ოპოზიციამ მაინც მოიგო. დღესაც იგივე ვითარებაა. გაითვალისწინებს ხელისუფლება თუნდაც ამ მაგალითს? - მაშინ ბევრად უკეთესი შესაძლებლობა არსებობს ქვეყანაში პროცესების წარმართვის“.
რაც შეეხება რისკს, ექსპერტი მათ პოლიტიკოსების ურთიერთთანამშრომლობისადმი მზაობის ხარისხში ხედავს:
„თუ მსგავსი მზაობა არ არსებობს, მაშინ კვლავ პერმანენტული კრიზისები გველოდება“.