სამართალდამცველთა რიგები პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა ძალოვანმა დატოვა
26/10/2021 10:53:17 სამართალი
სამართალდამცველთა რიგები პროტესტის ნიშნად კიდევ ერთმა ძალოვანმა დატოვა. იგი ზუგდიდში დაცვის პოლიციის თანამშრომელი საბა კუხალეიშვილია.
როგორც მან აღნიშნა, სოლიდარობას უცხადებს ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს ლექსო რაფავას, რომელიც 21 ოქტომბერს დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პროტესტის ნიშნად გუშინ თანამდებობები დატოვეს იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ინსპექტორმა, მაიორმა რომან ანთიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის პატრულ -ინსპექტორმა, პოლიციის მაიორმა გიორგი ბერიშვილმა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა ჯიმი გაგუამ.
მანამდე, იმავე მიზეზით სამსახური კიდევ ერთმა ძალოვანმა რევაზ ლაზიშვილმა დატოვა.
ცნობისთვის: ყოფილი ძალოვანები "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ სამეგრელოს რეგიონში მათ მიმართ "რეპრესიების დაწყებაზე" საუბრობენ და მმართველი ძალის პოლიციის წარმომადგენლებს მათთვის იარაღისა და სხვა საბრძოლო მასალის "ოჯახის წევრთა თანდასწრებით ჩადებაში" ადანაშაულებენ.


