დეპუტატი "ოცნებიდან": "სახალხო დამცველი ჩამოყალიბდა "ნაცმოძრაობის" ინტერესების, უფლებების და იდეების გამტარებლად"

26-10-2021 23:33:40 პოლიტიკა

დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ "სახალხო დამცველი "ნაცმოძრაობის" ინტერესების, უფლებების და იდეების გამტარებლად ჩამოყალიბდა".

მისი თქმით, ნინო ლომჯარიას დღის წესრიგი ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თემით იწყება და სრულდება:

„მას რომ შეესწავლა ამ წლების განმავლობაში, რა ხდებოდა, როგორი იყო პატიმრების უფლებები შელახული იმ რეჟიმის დროს და პირიქით ეთქვა, ეს გამოძიებული არის თუ არაო, თუმცა არც დაინტერსებულა. ბატონი სააკაშვილის დროს უკვე ყოველდღიურად ბრიფინგებს ატარებს, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მას დღის წესრიგი პირდაპირ სააკაშვილით აქვს დაწესებული და სააკაშვილით ამთავრებს".

ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ "ოცნების" მმართველობის პირობებში არც ერთ პატიმარს საფრთხე არ ემუქრება:

„ყველა ადამიანს, მათ შორის პატიმარს, აქვს უფლება გამოხატოს პროტესტი, შიმშილობაც ერთგვარი პროტესტია, სავარაუდოდ. სხვა ადამიანები, ვინც არ ეთამხმებიან მსჯავრს, შიმშილობით გამოხატავენ პროტესტს, ამის გამო გამოუშვან, გამორიცხულია, ამაზე ვთანხმდებით. ჩვენ გვაქვს შესაბამისი უწყება, რომელიც 2012 წლის შემდეგ რადიკალურად არის შეცვლილი, გაუმჯობესებულია თითოეული პატიმრის მდგომარეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ იქნება საჭიროება, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში. იქაც თუ მომსახურეობის პრობლემა იქნება, მობილურობით იქნება ეს მომსახურება გაწეული. ჩვენ თითოეულ პატიმარს პატივს ვცემთ და მათი უფლებების დაცული იქნება. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთვალყურეობის ქვეშ არის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათ შორის შესაბამისი უწყების ზედამხედველობის ქვეშ. ასე რომ, არცერთ პატიმარს საფრთხე არ ემუქრება ჩვენი მმართველობის ქვეშ ციხეში”.

ცნობისთვის: სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს. ომბუდსმენის განცხადების თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. იგი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.

Новости

Другие новости