Accentnews.ge
რა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს პრემიერ–მინისტრის განცხადება

რა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს პრემიერ–მინისტრის განცხადება

28/10/2021 15:08:36 ანალიზი

ხმამაღალი განცხადებების მოყვარულმა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებიდან ორიოდ დღეში – 3 ოქტომბერს საზოგადოებას მძიმე პროვოკაციების აღკვეთის შესახებ ამცნო:

„ჩვენ სპეცსამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ბინძური პროვოკაცია. კულმინაციის დროს ალბათ, მაქსიმუმ, 10 ათასი კაცის მობილიზებას შეძლებდნენ. პოლიციას მოუწევდა მისი დაკავება, მათ შორის – სპეცსაშუალებების გამოყენებით. ამ დროს ვერსიად განიხილავდნენ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის მკვლელობას. პირდაპირ გითხარით, შიდა ინფორმაცია გვაქვს, რომ ამგვარად იგეგმებოდა ჩვენი ხელისუფლების ბოლომდე დელეგიტიმაციაო“.

მართალია, შემდეგ ამ მიმართულებით რაიმე სახის სამართლებრივი ქმედებების შესახებ არაფერი გვსმენია, მაგრამ 14 ოქტომბერს პრემიერმა დაახლოებით იგივე ტექსტი გაიმეორა:

„ჩამოვიდა [სააკაშვილი –რედ.] საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით - რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია, არეულობა, ძალიან მძიმე პროვოკაცია, მათ შორის - მკვლელობების განხორციელებაც, თუ ისე განვითარდებოდა, როგორც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. მადლობა ღმერთს, ჩვენ ეს დიდი განსაცდელი და პროვოკაცია ავარიდეთ ქვეყანას და მოსახლეობასო".

საყურადღებოა, რომ პრემიერი საუბრობს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე, მათ შორის – მკვლელობებზე, დესტაბილიზაციაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი კი მძიმე კატეგორიის დანაშაულის მზადების პროცესიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრებას. გახმაურებული საქმეებიდან მაგალითად, შეგვიძლია, გავიხსენოთ დეკანოზ გიორგი მამალაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები: მას პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დასდეს ბრალი და 9–წლიანი პატიმრობა განუსაზღვრეს. მაგალითად გამოდგება ასევე სსკ–ის 315–ე (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) მუხლით აღძრული მინიმუმ, სამი საქმე. მართალია, შემდეგ პასუხისგებაში მიცემული არავინ გვინახავს, თუმცა გამოძიების დაწყების თაობაზე მაინც ამცნეს საზოგადოებას. აი, ახლა კი პრემიერ–მინისტრ ღარიბაშვილის ხსენებული უმძიმესი ბრალდებების შემდეგ მსგავსი რეაგირების შესახებ არაფერი მოგვისმენია.

„აქცენტმა“ სამ უწყებაში სცადა, გაერკვია, მაინც რას ეყრდნობოდა პრემიერ–მინისტრი თავის განცხადებებში, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება და არის თუ არა ეს კავშირში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოკლე ცნობასთან „მთავარი არხის“ გენდირექტორისა და „კიდევ ერთი ჟურნალისტის“ შესაძლო მკვლელობის მზადების შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც გამოძიებაა დაწყებული. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მაშინ სუს–მა ძიების წარმოების შესახებ საზოგადოების ინფორმირება „საჭიროდ მიიჩნია“, მაგრამ მას შემდეგ მსგავსი „საჭიროება“ აღარ დაუნახავს, ხოლო გვარამიამ იმთავითვე გამოთქვა ეჭვები სისხლის სამართლის საქმის არჩევნებთან შესაძლო კავშირის თაობაზე.

კვლავ „აქცენტის“ მცდელობას რომ დავუბრუნდეთ, გენერალურ პროკურატურაში განგვიცხადეს, „ასეთი საქმეების გამოძიება პროკურატურის ქვემდებარე არ არისო“. შსს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი დუმილის რეჟიმში რჩებიან. და ვინაიდან ოფიციალური ინფორმაციის მიღება გართულდა, ვცადეთ, იურისტის დახმარებით გაგვეანალიზებინა პრემიერის ბრალდებებით დატვირთული კომენტარების სამართლებრივი მხარე.

„თავად ამ განცხადებებში მტკიცებულებები არ ჩანს, მაგრამ თუ მათ [შესაბამის უწყებებს – რედ.] ჰქონდათ ამგვარი ინფორმაცია და ის ეყრდნობოდა მტკიცებულებებს და არა ჭორებს, მაშინ ისინი ვალდებულნი იყვნენ, დაეწყოთ გამოძიება: სამართლებრივი თვალსაზრისით ხომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მითითებას შესაძლო დანაშაულზე, უნდა იქნას გამოკვლეული, რათა მოხდეს პრევენცია“,– განმარტავს „აქცენტთან“ საუბრისას სამართალმცოდნე, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე.

იურისტი ირაკლი ღარიბაშვილს შეახსენებს, რომ „როდესაც ქვეყნის პრემიერ–მინისტრი მსგავსი ტიპის განცხადებას აკეთებს, მინიმუმ, იმის განცდა უნდა ჰქონდეს, რომ ის მტკიცებულებებს ეყრდნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც უკვე თავად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს“:

„მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს „ცრუ დასმენის“ ნორმა, რაც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა. როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს პრემიერ–მინისტრი, მას უკვე არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დატვირთვაც აქვს: ეს ან სიმართლეა, ან ცილისწამება. ამდენად, თუ მტკიცებულებები არსებობდა, ვიმეორებ, უნდა მიმდინარებდეს გამოძიება. თუ გამოძიება არ მიმდინარეობს, ეს უკვე სამსახურეობრივი მოვალეობის უგულებელყოფაა და ესეც დანაშაულია. ჩვენ ამ კითხვებზე პასუხები არ გვაქვს. არ ვიცით, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება, თუ ვინმე გეგმავდა დანაშაულს, ვინ იყოს ის, ვინ იყო ჩართული პროცესში, ვის უნდა შეესრულებინა, ვის მიმართ იქნებოდა ეს პროვოკაციები გამოყენებული და ა.შ. იმისათვის, რომ ნათქვამი დავიჯეროთ, ან ცილისწამებად მივიჩნიოთ, არაფერი გვაქვს, გარდა ცარიელი სიტყვებისა. თუ მტკიცებულებები არ დაიდო, მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს იყო ცილისწამება და ცრუ დასმენა“.

პრემიერის ხსენებული განცხადებებიდან უკვე საკმაო დრო გავიდა იმისათვის, რომ საზოგადოებას რეაგირების თაობაზე რაიმე სახის ინფორმაცია მიეღო. ამდენად, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ისინიც ზემოთ ხსენებული სისხლის სამართლის მინიმუმ, სამი საქმის ბედს გაიზიარებენ და პოლიტიკური სპეკულაციის საგნად იქცევიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S