„დიდგორის ბრძოლა გრძელდება, დარწმუნებული ვარ, მუხლჩაუხრელი შრომით გვექნება ისეთი სახელმწიფო, რომლისთვისაც დავით აღმაშენებელი იბრძოდა“

12-08-2019 11:29:27 პოლიტიკა ,საზოგადოება ,სხვა ,საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოქალაქეებს დიდგორობის დღესასწაულსს ულოცავს.

"საუკუნეების წინ აქ ქართველთა ჯარმა დაამარცხა ძლევამოსილი და ურიცხვი მტერი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც „ძლევაი საკვირველი“. დიდგორის ველი არის მაგალითი ქართველთა ერთიანობის, თავდადების და ჩვენი პატრიოტიზმის. მე, როგორც რიგითი, ქართველი და თითოეული თქვენგანი ყოველთვის განსაკუთრებულ კავშირს გრძნობს ამ ველთან. ერთ მხრივ, დიდგორის გამარჯვება იყო უდიდესი გამოვლინება პატრიოტიზმის და მეორეს მხრივ, იყო სწორი და ეფექტური სტრატეგიის რეალიზაცია, რომელიც საუკუნეების შემდგომაც კი სანიმუშოა. საქართველოს პატრიარქმა რამდენიმე ხნის წინ ბრძანა, რომ საქართველოსთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება. დიახ, მეგობრებო საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება, ეს არის მუხლჩაუხრელი ბრძოლა და უანგარო მსახური ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ბრძოლა გრძელდება, დარწმუნებული ვარ, სწორი სტრატეგიით, ერთსულოვნების დიდი სიყვარულით, მუხჩაუხრელი შრომით და ერთსულოვნებით ჩვენ აუცილებლად გვექნება ერთიანი და წარმატებული სახელმწიფო, ისეთ ევროპული ყაიდის სახელმწიფო, რომლისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და დავით აღმაშენებელი. სრულიად საქართველოს მინდა, მივულოცო ეროვნული დღესასწაული, გისურვოთ მშვიდობა და ჩვენი სამშობლოს სიძლიერე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის: დიდგორის ბრძოლა 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებლის ლაშქარსა (40 ათ. ქართველი, 15 ათ. ყივჩაყი, 500 ოსი, 100 თუ 200 დასავლეთევროპელი მეომარი) და საქართველოში შემოჭრილ თურქ-სელჩუკებს შორის გაიმართა. 

ამ ბრძოლაში ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, რაც გაქცეული მტრის დევნით დაგვირგვინდა. დიდგორის ბრძოლის შემდეგ დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა თბილისი (1122) და საომარი მოქმედებები საქართველოს ფარგლებს გარეთ გადაიტანა.

ანტიოქიის სამთავროს კანცლერ გოტიეს ცნობით, ბრძოლის დაწყების წინ დავით აღმაშენებელს შემდეგი მოწოდებით მიუმართავს თავისი მეომრებისთვის: 

"მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთს რასმე გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისთვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ, ხელების ცისკენ აპყრობით, ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ!".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები