
სააკაშვილის პირადი ექიმი: "მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისთვის"
02/11/2021 06:30:24 პოლიტიკა, სამართალი, საზოგადოება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი.
მისი თქმით, სააკაშვილი "იღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომელიც შიმშილობასთან არ არის დაკავშირებული".
"სუსტად არის. მგონი, უკვე ორი კვირაა, გადასხმები აღარ უტარდება. ბოლო 2-3 დღის წინანდელი ანალიზები კარგი არ იყო. კონსილიუმის შეხვედრა არ იქნება იმიტომ, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა. საუბარი როგორ არ შეუძლია, ძალიან კარგად საუბრობს. რასაკვირველია, მზად უნდა ვიყოთ ყველანაირი სცენარისთვის. გუშინაც და დღესაც ჩაი დავლიეთ. პოზიცია არ შეცვლილა უკვე ერთი თვეა, რასაც ლაპარაკობდა დასაწყისში, იმას იმეორებს ახლაც",– განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ერთადერთი დაწესებულება, სადაც საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, ციხის საავადმყოფო იქნება.