
მერის იმპიჩმენტის ინიციატივა, პერსპექტივები და ალტერნატივა
02/11/2021 13:44:37 ანალიზი
ვიდრე ოპოზიციის ნაწილი პროტესტის ფორმებზე ყალიბდება და ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, მიუხედავად არჩევნებისადმი გამოცხადებული უნდობლობისა, გამოიყენებენ თუ არა საკრებულოებში მიღებულ მანდატებს, გაჩნდა რიგ მუნიციპალიტეტებში მერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების თაობაზე ინიციატივა. საუბარია ბათუმზე, რუსთავზე, ზუგდიდზე, ჩხოროწყუსა და მარტვილზე, სადაც სახელისუფლებო გუნდს საკრებულოებში 2 ნოემბრის მდგომარეობით, უმრავლესობა დაკარგული აქვს.
- ცესკოს მონაცემებით, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით, რუსთავის საკრებულოში 35 მანდატი სამმა პარტიამ გაინაწილა: 16 დეპუტატი ეყოლება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 3 – “გახარია – საქართველოსთვის”, 16 – “ქართულ ოცნებას“.
- ახალი მოწვევის ზუგდიდის საკრებულოში, რომელსაც 45 წევრით არის დაკომპლექტებული, ენმ-ს ორგანოში 22 წევრი ეყოლება, „ქართულმა ოცნებამ“ 20 დეპუტატის შეყვანა მოახერხა, ხოლო პარტია “საქართველოსთვის“ მხოლოდ 3 წევრით იქნება წარმოდგენილი.
- რაც შეეხება ბათუმს, „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში 16 წევრი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ „ლელოსთან“ ერთად – 16. გახარიას პარტიას საკრებულოში 3 წევრი ჰყავდა, თუმცა ერთმა წევრმა მეორე ტურის წინ პარტია დატოვა და განაცხადა, რომ საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.
- ჩხოროწყუს 27–წევრიან საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 12 წევრი ეყოლება, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 7, 1 წევრი – „ლელოდს, ხოლო გახარიას პარტიას – 7.
- ანალოგიური სურათია მარტვილის საკრებულოშიც: წინასწარი შედეგების მიხედვით, 27 წევრიან საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” 15 მანდატი მოიპოვა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 11 მანდატი, გახარიას პარტიამ – 5 მანდატი, “ევროპელმა სოციალისტებმა” – 4 მანდატი, “ევროპულმა საქართველომ” – 1 მანდატი.
ინიციატივა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერ ანა დოლიძეს ეკუთვნის და განმარტავს, რომ „სახალხო იმპიჩმენტი“ და საკრებულოს გადაწყვეტილება იქნება სიგნალი, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ოპოზიციურადაა განწყობილი და ქვეყანა მზადაა ვადამდელი არჩევნებისთვის:
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი გზა, რომელსაც მე ვთავაზობ ოპოზიციას და რომლის განხორციელებაშიც მე მათ მხარში დავუდგები ამ მუნიციპალიტეტებში“.
პროცედურები
კანონმდებლობის მიხედვით, მერის გადაყენების ინიცირებას სჭირდება საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
ამასთან, მერი თანამდებობიდან გადაყენებულად ითვლება, თუ საკითხს მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 2/3ისა.
და მნიშვნელოვანი გარემოება – იმპიჩმენტი დაუშვებელია უფლებამოსილების ვადის პირველი 6 თვის გასვლამდე.
შესაბამისად, ამ მოცემულობით, პროცესის დაწყების შესაძლებლობა ოპოზიციას გაზაფხულამდე არ აქვს და ამ დროისთვის, არც პროცესის ბოლომდე მისაყვანად ფლობს შესაბამისი რაოდენობის მანდატს. ხოლო თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ ოპოზიციამ გადაწყვეტილების აღსრულება შეძლო, ამ შემთხვევაში მერის ნაწილში შუალედური არჩევნები დაინიშნება.
ალტერნატული წინადადება
პროცესზე დამკვირვებლები ოპოზიციას უფრო მოკლევადიან გამოსავალს სთავაზობენ, თუ ისინი საკუთარ ძალებში და პერსპექტივაში დარწმუნებულნი არიან. ამ გზით მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიაღწიონ ადგილობრივ დონეებზე როგორც მერის, ისე საკრებულოს ნაწილში ხელახალ არჩევნებს. ეს გზა კი ბიუჯეტზე გადის. კერძოდ, თუ საკრებულომ მერის მიერ წარდგენილი საბიუჯეტო პროექტი სამი თვის განმავლობაში არ დაამტკიცა, საქართველოს მთავრობა და პარლამენტი მიმართავენ პრეზიდენტს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი უფლებამოსილია, შემოიღოს პირდაპირი მმართველობა, დაითხოვოს საკრებულო, მერი და დანიშნოს არჩევნები კონკრეტულ მუნიციპალიტეტში.